პუბლიკაციები
მერაბ ჯიბლაძე: დამოუკიდებელ საქართველოში მეეზოვის ხელფასი სამჯერ აღემატება მეცნიერისას
MERAB_JIBLADZEუკანასკნელ პერიოდში განათლების სისტემაში უამრავი რეფორმა განხორციელდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის შედეგიანი არც ერთი აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 20 წლის განმავ­ლობაში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე პროფესორი მერაბ ჯიბლაძე გვესაუბრა.
- ბოლო დროს საზოგადოება ბევრს ლაპარაკობს საქართველოში განათლების სისტემის ნგრევაზე. თქვენი აზრით, როდის დაიწყო ეს პროცესი?

- ის, რაც მოხდა განათლების სიტემაში, 1992 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკის საელჩოს ატაშემ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში, ბატონმა ჰაჩისონმა განმიმარტა: “თქვენ განვითარება­დი ქვეყანა ხართ და სახელმწიფომ მხოლოდ დაწყებითი განათლება უნდა დააფინანსოს!”. ეს კი ნიშნავდა, რომ არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა დახურულიყო, არამედ - საშუალო სკოლებიც.
მაშინ ბატონი ჰაჩისონი საქართველოში განათლებას, კულტურასა და მეცნიერებას კურირებდა. იმ დროს მე ვიყავი მინისტრის მოადგილე და მას ძალიან მკაცრად ვეკამათე, რადგან მისი რეკომენდაციები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. როდესაც მე პროტესტი განვუცხადე, მითხრა: “თქვენ აირჩიეთ ეს გზა, მიგეღოთ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი. ჰოდა, კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ იმ კანონებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებშია. როგორ შეიძლება თქვენთან მეცნიერება, მაღალი კულტურა?!”.
მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის და ვამბობდი კიდეც, არაფერი გამომივიდა. პროცესისთვის, რომელიც დამანგრეველი იყო განათლების სისტემისთვის, ხელისშეშლა ვერ შევძელი.
მათი ლოგიკა მარტივი იყო და სულაც არ ითვალისწინებდა ქვეყნის მოსახლეობის განათლების მაღალ დონეს. თუ თქვენ იმდენად დაანგრევთ ეკონომიკას, რომ სამათხოვროდ გაწვდილი ხელით მსოფლიოს სხვადასხვა მდიდარ ქვეყნებს მიაკითხავთ, ცხადია, სრულიად სამართლიანად მათხოვრად მიგიჩნევენ. მათხოვარს კი, განათლება კი არა, გამოკვება და გაშიშვლებული სხეულის ძონძებით დაფარვა სჭირდება. ასე ექცევიან მათხოვარ სახელმწიფოებს და ფულის სესხება ან, მითუმეტეს, გრანტები ამ მათხოვრებმა დამშეული ხალხის გამოსაკვებად უნდა გამოიყენონ და არა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ გაავრცელეს იმდროინდელმა მმართველებმა ასეთი აზრი, რომ “მეცნიერება საქართველოსთვის ფუფუნებაა”! 
- უკანასკნელ პერიოდში განათლების სიტემაში კიდევ უფრო აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რითაც პრეზიდენტი და განათლების მინისტრი ხშირად იწონებენ თავს. თქვენი აზრით, რა მოუტანა ამ რეფორმებმა განათლების სისტემას?
- უკანასკნელ წლებში განხორციელებულმა რეფორმამ განათლების სისტემას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა - გაუფასურდა ცოდნა და დაეცა სწავლების ხარისხი, რასაც ხელი შეუწყო გაუაზრებელმა უმაღლესი და ზოგადი განათლების კანონებმა. უმაღლესი სასწავლებლებიდან მეცნიერული კვლევა, პრაქტიკულად, განიდევნა და უმაღლესი განათლების დონე საშუალო სპეციალური სასწავლებლის დონემდე დაეცა. ჩვენ არა მარტო ქართული განათლების სისტემა ვერ შევქმენით, არამედ ისიც დავანგრიეთ, რაც კარგი გვქონდა,  და დასავლეთის სამყაროში ინტეგრირებას გამოდევნებულებმა  განათლების ისეთი კანონები მივიღეთ, რომლითაც ამ სისტემას ვანადგურებთ.
უნდა ვიზრუნოთ, დღევანდელი სკოლების ნაცვლად, აკადემიური, მაღალი დონის სკოლების შექმნაზე, უნდა ვიფიქროთ უნივერსიტეტის აღდგენაზე. ჩვენ ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი ბავშვები გვეცლება ხელიდან; ვინ საზღვარგარეთ გარბის, თავი უცხოეთს რომ შეაფაროს; აქ დარჩენილები კი ნელ-ნელა მომსახურე ერად ვიქცევით. განათლების სამინისტროს ძირითადი მიზანია,  მომავალი წაართვას ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს! განათლების რეფორმამ ჩვენს ახალგაზრდებს წაართვა მაღალი დონის განათლების მიღების უფლება! ეს კი კონსტიტუციის ხელყოფაა!
რეფორმა მიზნად ისახავს საზოგადოების ზნეობრიობის საბოლოოდ დანგრევას, პროფესორ-მასწავლებლების დამცირების გზით - სავალალო დღეში არიან ჩვენთვის ერთ დროს საამაყო მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი. ებრძვიან წიგნს და სურთ მისი კომპიუტერებით შეცვლა. პატარა ბავშვისთვის კომპიუტერი “თამაშების სკივრია” და არა ცოდნის მიღების საშუალება. ბავშვები წიგნის კითხვას, აზროვნებას გადაეჩვივნენ და გაუჩნდათ უამრავი თავისუფალი დრო, რის გამოც ბევრი მათგანი კრიმინალურ სამყაროში აღმოჩნდა. 
მანამ, სანამ მეცნიერის, განათლებული ადამიანის შრომა არ დაფასდება და არ შეიქმნება მაღალი დონის განათლების მიღების მოტივაცია, მოსწავლის სწავლა ფორმალური იქნება და ჩვენ ვერც მეცნიერს გავზრდით, ვერც ხელოვანს, ექიმს, ინჟინერსა და ეკონომისტს.
- თქვენი შეფასებით, როგორია დღევანდელი სკოლები?
- ჩვენი საჯარო სკოლა არის სრული ანალოგი ამერიკული “ფაბლიქ სქულის”. ეს სკოლები არის სრულიად უფასო და ის დაარსებულია გონებაჩლუნგი ლათინოსებისა და შავკანიანებისთ­ვის. ვისაც საერთოდ არ შეუძლია არაფრის სწავლა, მიდის ამ სკოლებში და სწავლობს წერა-კითხვას.
საერთოდ, ამერიკის სასწავლებლებში არის 3 დონის პროგრამა: “A”, “B” და “C”. “A” პროგრამა, როგორც გითხარით, განკუთვნილია ლათინური ამერიკის ქვეყნების გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისა და აფრიკელი ზანგებისთვის. “B” პროგრამა - შედარებით უფრო გონებრივად მაღალგანვითარებული ბავშვებისთვის, პროგრამა “C” კი - მაღალგანვითარებულთათვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკელთა მითი­თებით, რადგან ჩვენ განვითარებადი ქვეყნების რიცხვში მოვხვდით, ჩვენთან განათლების რეფორმა ჩატარდა “A” დონის პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს უნარ-ჩვევების განვითარებას (და არა - აზროვნებისას).
არ შემიძლია გვერდი ავუარო სახელმძღვანელოების თემას. დღევანდელ სახელმძღვანელოებში სურათებს უფრო დიდი ადგილი უკავია, ვიდრე ტექსტს. წიგნები კი არა, ნამდვილი კომიქსებია. მაგ., ფიზიკის X კლასის სახელმძღვანელოში მოთავსებულ ერთ-ერთ ფოტოზე სამზარეულოში ანთებული გაზქურაა, რომელსაც “ამშვენებს” წარწერა: “ბუნებრივი აირი იწვის”. ვის ეუბნებიან ამას, X კლასის მოსწავლეს?! ან კიდევ აისბერგის ფოტოებზე არის წარწერები: “აისბერგები ყინულის მთებია ოკეანეში”. ამის ახსნა ასე პრიმიტიულად X კლასელ მოსწავლეს უნდა სჭირდებოდეს?!
- საკმაოდ ხშირად განათლების მინისტრი თავმომწონედ საუბრობს სკოლებში მანდატურების სისტემის დანერგვაზე. სჭირდება მანდატური სკოლას?
- რამდენიმე დღის წინათ ვუსმენდი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გამოსვლას. თურმე ჩვენი მთავარი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მანდატურები ყოფილან. თუ დაუკვირდით, მან თქვა რამე მეცნიერებაზე ან უმაღლეს სკოლაზე? ფაქტობრივად, ეს კაცი გამოდის სკოლების მინისტრი და არა განათლებისა და მეცნიერების. მაგრამ სკოლებშიც რომ ვერ აქვს კარგად საქმე, თუ იცის?! დღეს თურმე გა­ნათლების სისტემის მთავარი პრობლემაა, როგორ იქცევა მანდატური.  
მანდატური მართლაც საჭირო იყო სკოლაში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ წესრიგისა და სიმშვიდის დასამყარებლად, რადგან უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა.
როდესაც უარი ვთქვი ლექციებზე უნივერსიტეტში, ერთი წლით წავედი სკოლაში. რაც მე იქ ვნახე, ეს იყო საშინელება. ბავშვებს თვალებში ისეთი ზიზღი ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, გავოცდი. ამხელა კაცი ვერ ვაშველებდი ჩხუბის დროს, საერთოდ არ ერიდებოდათ ჩემი. მანდატურებმა ამ მხრივ მდგომარეობა შეცვალეს, მაგრამ იგრძნეს რა გადამეტებული ძალაუფლება, სასწავლო პროცესში ჩარევაც დაიწყეს და დირექტორისა და მასწავლებლის გაკონტროლებაც. ეს ყოვლად დაუშვებელია, ეს არაა მაგათი საქმე! ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ - უნდა დაიცვან სიწყნარე სკოლაში.
- უნივერსიტეტებში რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?
- რაც შეეხება უმაღლეს  სასწავლებლებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაკეთდა უმაღლესი სკოლის ნოლამდე დასაყვანად. რაკი სკოლა გაანადგურეს,   უმაღლესში შემოდის ახალგაზრდა, რომლის განათლების დონე ძველი სკოლის მეშვიდე კლასელის განათლების დონეს არ აღემატება. შიგადაშიგ არიან მაღალი დონის ბავშვებიც, მაგრამ ასეთი ბავშვები უმაღლესი განათლებისათვის საზღვარგარეთისკენ იყურებიან, იქიდან კი იშვიათად ბრუნდებიან. აქ ვინც გვრჩება, მათგან სპეციალისტი არ გამოვა, თუ ამას დროზე არ მივხედეთ.
- რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდეს?
- უპირველესად, უნდა აიწიოს პრესტიჟი მეცნიერის, პროფესორის, მასწავლებლის და ეს უნდა მოხდეს არა სატელევიზო გადაცემებითა და ლოზუნგებით, არამედ ხელფასის გაზრდით. როცა ვიღაც ვიგინდარა მინისტრს 50-ჯერ უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პროფესორს, იქ რა მოტივაციაზეა საუბარი. უფროსი მეცნიერთანამშრომლის ხელფასი არის 204 ლარი, მეეზოვისა კი - სამჯერ მეტი. ახალგაზრდობას სწავლისა და მაღალი დონის განათლების მიღების ინტერესი რომ გაუჩნდეს, განათლების პრესტიჟი უნდა აიწიოს. მეორე, რაც განათლების სისტემამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ კომპიუტერების დარიგებისა და ამით ტრაბახის ნაცვლად, უმჯობესია, ბავშვებს მისცეს სრულფასოვანი მაღალი დონის სახელმძღვანელოები და არა - ზღაპრების დონის  ფერად-ფერადი ფოტოებით გადატვირთული წიგნები.
მინდა მივმართო ბავშვებს, ახალგაზრდებს: ნურავის ჰგონია, რომ სწავლა ადვილია. კარგად სწავლა ძალიან ძნელია, მაგრამ ის, ვინც ამ სიძნელეებს გადალახავს, აუცილებლად მოახერხებს თავის დამკვიდრებას. სულ ასე არ იქნება.  “სკოლების მინისტრს” კი ვურჩევ, დროა, გახდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე იზრუნოს.
ესაუბრა
თეო ტაბატაძე