სამართალი
პატიმრების მხარდამჭერი აქცია ტრადიციული დაკავებებით დასრულდა

arrestგუშინ, 4 აპრილს, უზენაესი სასამართლოს შენობასთან „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია „მე(ც) პატიმარი ვარ!“ გაიმართა. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს, შემდეგ კი სასამართლოს კართან გვირგვინი წარწერით – „დავტირით სასამართლოს“ ჩამოკიდეს. ინციდენტის დროს აქციის 10 მონაწილე დააკავეს.

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელ გენადი კეკელიას 25-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ამავე მოძრაობის წევრ ირაკლი ციკოლიას კი – 20-დღიანი პატიმრობა. 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი თანაშემწის – ზვიად ხარებავას ძმას – გრიგოლ ხარებავას და „ქართული პარტიის“ წარმომადგენელს – დავით კოჩიევს. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატ ადა მარშანიას, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრ შოთა გლურჯიძეს, „ქართული პარტიის“ წევრებს – ქეთევან გოგინაშვილსა და თენგიზ ღლონტს, „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტ გოჩა ჩხაიძესა და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს – მადონა გოგუას 400-400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა „წინააღმდეგობის მოძრაობამ“, რომელიც მიიჩნევს, რომ „მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა-დაპატიმრება – ეს არის ხელისუფლების გამოწვევა, რომელიც მათ მიიღეს“. არ იქნება უკანდახევა, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!“ – ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტი დაგმო „ქართულმა პარტიამაც“, რომელიც დაკავებულთა სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. „ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს, რომ სააკაშვილის რეჟიმს უკანონო პატიმრების მხარდამჭერი აქციები განსაკუთრებით აღიზიანებს და მისი მონაწილეების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.