სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავა.

მამა დავით აქიაშვილი ერისკაცობაში კობა კობაიძე მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია.

გასულ კვირას არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა იქნა დაცხრილული, ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი დაჭრის შესახებაც. სროლის ინიციატორად მაშინ სწორედ მამა დავითი სახელდებოდა.

ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია მაშინ არ დაადასტურეს. მონასტერში მყოფებმა უარყვეს, რომ მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა, ერისკაცობაში კობა კობაიძემ, ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბას ჟღენტს ესროლა.

ინფორმაცია არ დაადასტურა თავად არქიმანდრიტმა საბამაც. მან განაცხადა,რომ მამა დავითს წლებია იცნობს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მასთან არც დაპირისპირება ჰქონია და არც არავის დაუჭრია.