პოლიტიკა
პრეზიდენტს სჯერა, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტი ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთობას ვერ შეარყევს

manjgaladzeროგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, მათ შორის, დაკავებული ებრაელი ბიზნესმენები და ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, თუმცა სხვა საკითხია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილი კონკრეტულად ფუქსსა და ფრენკიელს“.

„იმისათვის, რომ შედგეს ეს აქტი, შეწყალების თაობაზე მსჯავრდებულების მხრიდან, სულ მცირე, მომართვა-განაცხადი უნდა არსებობდეს. ასეთი მომართვა პრეზიდენტის სახელზე ადმინისტრაციაში ჯერ არ შემოსულა“, – განმარტა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სასამართლომ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება და ხელისუფლება ამ პროცესში გამოძიების არცერთ ეტაპზე არ ჩარეულა.

რაც შეეხება იმას, როგორ გაგრძელდება ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენების დაკავება სახელმწიფოთაშორისი საკითხი არ არის. გვჯერა, რომ ამგვარი კრიმინალური შემთხვევები ისეთ მტკიცე ურთიერთობებსა და კავშირს, როგორიც არსებობდა და არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის, ჩრდილს ვერ მიაყენებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ებრაელ ბიზნესმენ რონი ფუქსს 7-წლიანი, ხოლო ბიზნესმენ ზეევ ფრენკიელს 6,5-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. მათ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდაც დაეკისრათ. ქართული კანონმდებლობა ებრაელ ბიზნესმენებს სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზებას ედავებოდა.