საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და გვაქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს ხორბლით მომარაგება იყოს უზრუნველყოფილი... ფიზიკურად, ხორბლის მარაგების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა იმიტომ, რომ სამინისტრო აკეთებს მონიტორინგს და ატარებს ყველა იმ ღონისძიებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში იმ კრიტიკულად აუცილებელი მინიმუმი მარაგების შესავსებად", - თქვა მან.
მან ის ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა, რომელთა განცხადებებიც საქართველოში მოსალოდნელ დეფიციტს შეეხებოდა.
"პოპულისტურია ის განცხადებები, რომელიც გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ... მე ვფიქრობ, უფრო დილეტანტურია განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, რომელიც მოკლებულია არსს. მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიული ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნა გამოიტანონ - უბრალოდ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ და რთულ ვითარებაში მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით", - თქვა მან.
რუსეთმა პირველ ივლისამდე ხორბლისა და სხვა მარცვლეულის იმპორტი შეწყვიტა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება ხორბლის, სიმინდის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტს.