კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს კომპანია „აირზენას“ კუთვნილი ლაინერის – „სიარჯი-100“-ის ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ამოცნობილთა შორის არიან 22 წლის სულიკო ცუცქირიძე, რომელიც ახალციხის რაიონში ცხოვრობდა, ქუთაისელი გურამ კეპულაძე, ასევე, ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი.
თვითმფრინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, კონგოში, ქალაქ კინშასას აეროპორტში დაშვებისას გუშინ კატასტროფა განიცადა. როგორც „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, კომპანია გაეროს მისიას 3 წელია, ემსახურება.„თვითმფრინავმა ბოლო შემოწმება გასული წლის 22 დეკემბერს გაიარა და ტექნიკურად გამართული იყო. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი ტროპიკულ წვიმაში მოყვა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ლაინერი მიწაზე დაცემისას შუაზე გადაიხსნა და ცეცხლი გაუჩნდა“, – აღნიშნავს გიორგობიანი.
ამასთან, როგორც გიორგობიანმა საქინფორმს განუცხადა, დაღუპულ 4 მოქალაქეს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. შესაბამის ხარჯებსა და კომპენსაციას კი კომპანია „აირზენა“ დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათგან 32 დაიღუპა, რომელთა შორის 20 გაეროს თანამშრომელი იყო. კატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება.
მომხდარის გამო გაერომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მწუხარება გამოთქვეს.