საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ვანო მერაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დატოვა საპატიმრო, აცხადებს, რომ დღეიდან აქტიურადაა პოლიტიკაში ჩართული.
26 აპრილს „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობას, რომ ეს „ყველამ“ იცის, თუმცა ჯერ პარტია არ დაუსახელებია.
„დღეიდან მე ვარ გააქტიურებული… ვაპირებ, აქტიურად ვმუშაობ ისედაც არასაჯაროდ, მობილური ტელეფონის გამოყენებით… ვესაუბრები ადაიანებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს … ყველა პარტიიდან, ოპოზიციური ფრთის დიდ ნაწილთან“, – თქვა მან.
„ჩემი ამოცანა არის, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ეს ხელისუფლება… მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, ვინც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში“.
„რა თქმა უნდა, მე ერთ-ერთ პარტიაში გავერთიანდები. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს“, – თქვა მან.