საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ცხინვალს მეორე სახელი – სტალინირიც ეწოდა. ანატოლი ბიბილოვმა „ქალაქ სტალინირის“ სახელწოდების გამოყენებაზე ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის დროინდელი სახელწოდების აღდგენა მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით გადაწყვიტა. როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო REC წერს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ „სტალინირს“ ცხინვალის პარალელურად „დიდ სამამულო ომთან“ დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ – 9 მაისსა და 22 ივნისს.
„სტალინირის“ პოპულარიზაციისთვის სამხრეთ ოსეთის ე.წ. ინფორმაციისა და პრესის სახელმწიფო კომიტეტს საინფორმაციო კამპანიის წარმოება და სპეციალური ღონისძიებების გამართვა დაევალა.