აქტუალური
უცხოეთიდან სამშობლოში 8 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 7 988 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 27 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა დახმარება 15 393 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეცრეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების სრული შესაბამისობით ხორციელდება და საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის.

ახლო მომავალში კიდევ დაგეგმილია შემდეგი რეისები: 30 აპრილი - მადრიდი-თბილისი, 2 მაისი - პრაღა-თბილისი, 5 მაისი - ათენი-თბილისი, 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნების მიზნით სპეცრეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს. საქართველოს მთავრობის მითითებით, ბილეთების ღირებულება 199 ევროა.