აქტუალური
რა ბედი ელის ფოთის აეროპორტს

aeroport_TBარაბი ინვესტორებისთვის ფოთის პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი არ აღმოჩნდა. თუმცა ამ რეგიონში მათი ინტერესები მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. არაბული ინვესტიციებით უნდა აშენდეს ფოთის აეროპორტიც, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ამიერკავკასიის უდიდესი აეროპორტი უწოდა. აეროპორტი ექსპლუატაციაში 2013 წელს უნდა შევიდეს. მისი მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. ინვესტორები, ისევე, როგორც ფოთის პორტის შეძენისას, ამ შემთხვევაშიც აცხადებდნენ, რომ აეროპორტის მშენებლობისთვის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდნენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არაბებისთვის რეგიონში ერთ-ერთი სტრატეგიული პორტი არამომგებიანია, ჩნდება კითხვა, რამდენად მომგებიანი აღმოჩნდება მათთვის გაურკვეველი დანიშნულების მქონე აეროპორტი.

ჩაშლილი გარიგებები და შეუსრულებელი ვალდებულებები ქართული ეკონომიკისთვის უცხო არ არის: ბათუმის პორტი, ინდუსტრიული ზონები, „ჭიათურმანგანუმი“ და ა.შ. ახლა ამ ნუსხას ფოთის პორტიც დაემატა და არ არის გამორიცხული, ფოთის აეროპორტიც ამ ჩამონათვალში მოხვდეს.

ჯერ გაურკევეველია, რა ბედი ეწევა ფოთის ინდუსტრიულ ზონას, რომლის გაშენების ვალდებულება „რაკიამ“ ფოთის პორტის მმართველობაში გადაცემისას აიღო. რაც შეეხება ფოთის პორტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ მისი ახალი მფლობელი დანიური „Maersk“-ის შვილობილი კომპანია „APM Terminal“ გახდა, რომელსაც მმართველობაში აქციათა 80% გადაეცა. ახალი ინვესტორი ვალდებული იქნება, ნავსადგურში 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს.