სამართალი
სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ პარლამენტი შეისწავლის

cixe_tugushiპარლამენტს ოფიციალურად წარედგინა სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, ომბუდსმენის ოფისის მიერ მომზადებული დოკუმენტი ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე შევიდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შემოწმებასა და მათზე სათანადო რეაგირებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი დროა საჭირო. „ჩვენი კომიტეტი ყველა შესაბამისი სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს დაიბარებს და ფაქტებს გადაამოწმებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, შესაბამისი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, – აღნიშნა თორდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე ანგარიშს დეპუტატები მაისის დასაწყისში განიხილავენ. მანამდე კი, მისი თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დეტალურად შეისწავლის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ანგარიში პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს 31 მარტს ჩააბარა. ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ტენდენციებსა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს ასახავს. მასში განსაკუთრებულად კრიტიკულად ქვეყნის პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი ვითარება ხასიათდება.

519-გვერდიან ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ დიდ ნაწილს, რომელშიც პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარებაა განხილული. დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან აცხადებენ, რომ ანგარიშის დასკვნები „საკმარისზე მეტია“ იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ანგარიშის თანახმად, შარშან პენიტენციარულ სისტემაში არაადეკვატური ჯანდაცვის მომსახურების გამო 142 პატიმარი დაიღუპა, რაც 56%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა დაახლოებით 70 პროცენტის ასაკი 21-დან 50 წლამდე მერყეობდა.

წინა ანგარიშის მსგავსად, ახალ ანგარიშშიც ხაზი გაესვა ციხის საკნების გადატვირთულობას.

„პატიმრების რაოდენობამ ბოლო წლებში იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რომელიც სხვა, უფრო გლობალური ზომების გატარებას მოითხოვს“ და ციხეების გადატვირთულობის პრობლემა მხოლოდ ახალი დაწესებულებების აშენებით არ მოგვარდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

2011 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სულ 23 684 პატიმარი იყო განთავსებული, მათ შორის – 201 არასრულწლოვანი; ერთი წლით ადრე პატიმართა რაოდენობა 21 098-ს შეადგენდა, ხოლო 2004 წელს – მხოლოდ 6 654-ს.

ქვეყნის მასშტაბით არსებული სასჯელაღსრულების 19 დაწესებულების მთლიანი ლიმიტი 24 720-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, პატიმართა რაოდენობის ზრდის არსებული ტენდენციის გამო მოსალოდნელია, გადატვირთულობის პრობლემის წინაშე ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება დადგეს.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ხელისუფლებას მოუწოდებს, სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკის ლიბერალიზაცია მოახდინოს, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ, უფრო მსუბუქი სასჯელის სახეებს მიანიჭოს პრიორიტეტი და შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რათა ამჟამად მოქმედი შეკრებითობის პრინციპი შთანთქმის პრინციპით შეიცვალოს.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ ხელისუფლება ხშირად ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს – ამგვარ საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევებში საქმის შეწყვეტით მთავრდება ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით. დოკუმენტის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში გამოძიება იწყება არა წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის გამო, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს და გაცილებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს.

ანგარიშის თანახმად, არსებობს შემთხვევები, როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება ისეთ დროს, როცა დაზარალებულს აღარ აღენიშნება დაზიანებები – მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატიმრებში გაჩნდა „შიშის სინდრომი“, ვინაიდან ხშირად, ჩივილის შემთხვევაში, თავად პატიმრის წინააღმდეგ იწყება გამოძიება წინააღმდეგობის გაწევის კვალიფიკაციით და „დადგენა“ იმისა, რომ მიღებული დაზიანებები მის მიერვე გაწეული წინააღმდეგობის შედეგია.

რაც შეეხება დადებით შეფასებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისა და მონიტორინგის განხორცილებისას რაიმე პრობლემა არ შეჰქმნიათ.

დოკუმენტში, წინა ანგარიშის მსგავსად, ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება შუალედური თუ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის საკითხი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემური პრობლემა არ აღმოფხვრილა.

„2010 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა თუ სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი საქმეების შედეგად საერთო სასამართლოების საქმიანობაში გამოვლინდა რიგი ხარვეზებისა, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევს. დარღვევათა უმრავლესობა ეხება საკმაოდ ფუნდამენტურ საკითხებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

წინამორბედის მსგავსად, 2010 წლის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დაკავებულთა ცუდი მოპყრობისა და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები და ეს ტენდენცია განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შეინიშნება. „ამასთან, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ხდება როგორც დაკავებისას, ისე დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.

მართალია, საანგარიშო პერიოდი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაფიქსირდა შეკრების უფლების დარღვევის შემთხვევები; ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია ბუშის ქუჩის პროტესტის საქმე და 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანთა აქციის დაშლა.

ამასთან, სახალხო დამცველი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების საჭიროებაზე, 2009 წლის მსგავსად, 2010 წლის ანგარიშშიც მიუთითებს.

რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში ხაზს უსვამს ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესებისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების აღკვეთის კონტექსტში არსებულ დადებით ტენდენციებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ 2010 წელს სახალხო დამცველისთვის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მომხდარი შვიდი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ექვს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმას, რელიგიური რწმენის გავრცელებისათვის ხელის შეშლასა და დევნას, ხოლო ერთი ფაქტი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის დარბევასთან იყო დაკავშირებული.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ამგვარი საქმეების გამოძიება ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობდა, შარშანდელი შემთხვევების უმეტესობის გამოძიება პოლიციამ რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციით დაიწყო. თუმცა დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ „წინა წლების მსგავსად, ამ ფაქტების გამო დაწყებული გამოძიება ხშირ შემთხვევაში გაჭიანურებულია ან შეწყვეტილია“.

ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის, ხოლო რიგ შემთხვევებში – მათი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.

ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებები უგულებელყოფენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც, ძირითადად, გამოიხატება საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაუცემლობით ან ინფორმაციის გაცემას ვადების დარღვევით.