საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა პარასკევს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ასევე წარმოადგენს მოსახლეობის დახმარების გეგმას, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტი კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავდა. 26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 416 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„პარასკევს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს, რაც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, პირველ რიგში, ეს გახლავთ პანდემიის ე.წ. კომპენსაციის გეგმა, ანუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის ამუშავების, გახსნის გეგმა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ჯერ კიდევ აზუსტებს გეგმის ზოგიერთ დეტალს.
ამას გარდა, პრეზენტაციაზე მთავრობა ისაუბრებს კონკრეტულ ციფრებზე, თუ რა გაკეთდა პირველ ეტაპზე.
ანტიკრიზიული გეგმა შემუშავებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო დახმარების მიღების გათვლით.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღება მოახერხა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელებას, რაც წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას ნიშნავს.
ასევე აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანული განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომლებიც ქვეყნის ერთგული დონორები არიან, საქართველოსთვის 2020 წლის ბოლომდე გამოყოფენ 1,5 მილიარდ დოლარს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოყოფს მასტიმულირებელ პაკეტს ორი მილიარდი ლარის ოდენობით.
თავდაპირველი პაკეტი გულისხმობს 2020 წლის ნოემბრამდე გადასახადების შეჩერებას ტურისტული სექტორისთვის, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო–საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების დაჩქარებასა და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.
მთავრობა ასევე მოახდენს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტის სუბსიდირებას და შეაკავებს მათ ფასებს.
ამას გარდა, მთავრობა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს დაუფარავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადებს.