აქტუალური
საქართველო, COVID 19: დღე-ღამეში სულ 3 ინფიცირებული დაემატა, სულ გამოჯანმრთელდა 98 დაავადებული

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის არის 73 წლის კაცი, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადება ჰქონდა. მეორე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება, მესამე კი ვანის მუნიციპალიტეტიდანაა.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან 3 პაციენტი სტაციონარში გუშინ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს. მათ სეროლოგიური კვლევებით კორონავირუსი დაუდასტურდათ და უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.