პოლიტიკა
სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერად ნიშნავენ

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერობა შესთავაზა. სააკაშვილის თქმით, დანიშვნის შემთხვევაში რეფორმების საკითხს ჩაიბარებს.

ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება რეფორმების საკითხზე ვიცე-პრემირად დანიშვნის თაობაზე.

მე ასევე მქონდა ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო საუბარი პრემიერ-მინისტრ შმიგალთან, რა დროსაც ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მთავრობაში ჩემი შესაძლო სამსახურის ყველა დეტალი“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე და მზაობას გამოთქვამს, უკრაინას დაეხმაროს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

მანამდე სააკაშვილის დანიშვნის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედია წერდა. მაგალითად, უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „სლუგა ნაროდა“ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უნდა.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის დანიშვნის საკითხს პარტიაში აქტიურად განიხილავენ.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ სააკაშვილის დანიშვნა შესაძლოა პარასკევს, 24 აპრილსაც განიხილოს.

მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის არსებობის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა „სლუგა ნაროდას“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ. ამასთანავე, სააკაშვილის პრესსამსახურმა გამოცემას უთხრა, რომ ვიცე-პრემიერობის შეთავაზება მან მართლაც მიიღო.

სააკაშვილი, შესაძლოა, რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერად დაინიშნოს. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ საკითხს, რათა ვიცოდეთ დეპუტატების დამოკიდებულება, რომლებმაც საბოლოოდ კენჭი უნდა უყარონ“, - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.