პოლიტიკა
Daily Express: ივანიშვილი ვირუსთან ბრძოლაში უდიდესი კერძო დონორია

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში უდიდესი კერძო დონორი გახდა კორონავირუსთან ბრძოლაში, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Express.

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში ასი მილიონი ლარი გადარიცხა. თანხა ფონდის ანგარიზე 8 აპრილს გადაირიცხა.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი ბიზნესმენი ყველაზე დიდი შემომწირველი გახდა კონკრეტული ქვეყნისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ მხრივ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს მთავრობის ფონდში #STOPCOV გადარიცხა ასი მილიონი ლარი (დაახლოებით 31,5 მლნ დოლარი). ეს საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ყველაზე დიდი კერძო შემოწირულობაა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ორ – ჯანდაცვისა და ეკონომიკის ფრონტზე იბრძვის. ფონდში შეკრებილი თანხა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას მოხმარდება.

Daily Express ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა დააფუძნეს ფონდი „ქართუ“ და სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გამოყვეს. თანხები ხმარდება სხვადასხვა პროექტებს - თეატრებისა და სპორტული ცენტრების მშენებლობიდან დაწყებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით დამთავრებული.

ამჟამად საქართველო მთავრობის ფონდში მობილიზებულია 128,6 მილიონზე მეტი ლარი. ამ ფონდში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა სამი თვის განმავლობაში თავისი ხელფასის მესამედ გადარიცხავს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 5,12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.