აქტუალური
საქართველოს საგარეო უწყება სამშობლოში დაბრუნებაში თითქმის 7 ათას თანამემამულეს დაეხმარა

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 6 747 მიგრანტს, ასევე მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინა 8 410 თავის მოქალაქეს, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შაბათს სპეცრეისით თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ 151 მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში შესრულდა თელ-ავივი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 151 მოქალაქე. ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ამავე რეისით მოხდა წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება იერუსალიმიდან საქართველოში. საერთო ჯამში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, 19 აპრილისთვის საქართველოში 6747 ადამიანი დაბრუნდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამშობლოში დაბრუნებისთვის მოქალაქემ უნდა შეავსოს სპეციალური ელექტრონული განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროსა და დიპლომატიური მისიის ვებ–გვერდზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველკვირეულად აქვეყნებს მონაცემებს კორონავირუსის პანდემიის დროს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ. ეს მონაცემები ორი ტიპის ინფორმაციას შეიცავს – უცხოეთში მყოფი მოქლაქეების დახმარებას სამშობლოში დაბრუნებამდე და ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკას.

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეცრეისებზე ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

ბილეთები კომპანია Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე იყიდება რეისის დანიშვნამდე ორი დღით ადრე. მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას სწორედ ეს კომპანია ახორციელებს.