საზოგადოება
საქართველო სრული კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა - გამყრელიძე

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა სრული კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა და არ გამორიცხავს საველე ჰოსპიტლების გახსნას.

ტელეკომპანია Rustavi2-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო, უხილავ ომშია და თუ რა იქნება მომავალში, ეს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შემაშფოთებლად გაზრდილია.

დღეს ჩვენ გვაქვს ლოკდაუნი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, ინფექციის შიდა გადაცემა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იდენტიფიცირებულია, ამიტომ საფრთხე გაიზარდა. უკვე დაახლოებით 15 კლასტერია გამოვლენილი. თუ ადამიანები, განსაკუთრებით ამ ოთხი დღის განმავლობაში, მოდუნდებიან, ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება 5, 7, 8 ათას ადამიანამდე გაიზარდოს, რასაც ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ გაუმკლავდება, აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში სამედიცინო პერსონალიდან 16 პირია ინფიცირებული და იმ შემთხვევაში, თუ ეს რიცხვი გაიზრდება, პაციენტებს ვერავინ მიხედავს, განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მსოფლიოს ასეთი პანდემია 1918 წლის შემდეგ აღარ ახსოვს.

გამყრელიძემ მორწმუნეებს მიმართა, არ წავიდნენ ეკლესიებში და ხელი არ შეუწყონ ვირუსის ქაოსურ გავრცელებას, რაც თავისთავად დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, ძალიან მიჭირს ამის თქმა: ნუ წავალთ ეკლესიებში, სახლში ვილოცოთ. ილოცებენ ჩვენი მამაოები, რათა ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. პირველად ვაკეთებ მსგავსი ტიპის განცხადებას. არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ შეიკრიბოთ, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ რომ მეტი ქართველი გადარჩება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, გათვალისწინებული იქნება, ზრდა იქნება, მაგრამ არა დრამატული, აღნიშნა გამყრელიძემ.

აღდგომა ახლოვდება და მორწმუნეების ნაწილი, მიუხედავად სახელმწიფოს და სპეციალისტების მოწოდებებისა სახლში დარჩენის შესახებ, მაინც აპირებენ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას.

აღდგომის ღამეს, 19 აპრილს მორწმუნეების ნაწილი ეკლესიაში 21:00 საათამდე მისვლას და დილის 6 საათამდე იქ დარჩენას აპირებს, ანუ სანამ კომენდანტის საათი არ ამოიწურება. საზოგადოების ნაწილი ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ისინი მორწმუნეებს მოუწოდებენ, წელს აღდგომას სახლში შეხვდნენ, რათა საფრთხის წინაშე არ დააყენონ საკუთარი თავი და სხვები.