პოლიტიკა
ცაგარეიშვილი პარლამენტს კალმახელიძის გადაყენებას სთხოვს

kalmaxx„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და უწყების სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას სთხოვს.

როგორც ცაგარეიშვილმა დღეს, 4 აპრილს, გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების თანახმად, ირკვევა, რომ ხათუნა კალმახელიძე პენიტენციარულ სისტემას გებელსის მეთოდებით მართავს და სახეზეა ფაშისტური და სადისტური მეთოდების გამოყენება.

დეპუტატმა სახალხო დამცველის ანგარიშიდან გეგუთისა და ქსნის საპატიმროების მაგალითი მოიყვანა, სადაც გასულ წელს სპეცრაზმის კორიდორში გაშიშვლებული პატიმრები გაატარეს და რეზინისა და ხის ხელკეტებით სცემეს.

„ეს და სხვა ფაქტებიც ცხადყოფს მინისტრის განცხადების აბსურდულობას, რომ, თითქოს, დაწესებულებაში პატიმრები მხოლოდ ხანდაზმულობის შედეგად კვდებიან. გასულ წელს გარდაცვლილ 142 პატიმარს შორის მხოლოდ 19 იყო 61 წელს გადაცილებული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ამასთან, მან სახალხო დამცველის მიერ გამოყენებეულ ტერმინ „სიკვდილის ექსპორტზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიკვდილის ექსპორტია, როდესაც ავადმყოფი პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ, რათა მათი სიკვდილი პენიტენციარულ სისტემაში სიკვდილიანობის სტატისტიკას არ დაემატოს.

„გარდაცვლილ პატიმრებს აღენიშნებათ ცემისა და დაზიანების კვალი. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტეზის ეროვნული ბიუროს ექიმები კი ყალბ და არასწორ დასკვნებს წერენ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ექსპერტიზის ბიუროს მიმართაც არაერთი არგუმენტირებული და სერიოზული კითხვა უნდა გაჩნდეს საპარლამენტო განხილვების დროს. პარლამენტმა თავი უნდა დაანებოს მავნე პრაქტიკას, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ „ცნობად“ მიიღება ხოლმე და უნდა დაისვას როგორც სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის, ისე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელებისა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი“, – დასძინა დეპუტატმა.