აქტუალური
„RAKIA“ ფოთის პორტში წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

photiრას ელ ხაიმას საინვესტიციო ფონდი „Ras Al Khaimah Investment Authority“ (RAKIA) მოლაპარაკებებს აწარმოებს „APM Terminals“-თან ფოთის პორტის აქციების 80 პროცენტის მიყიდვის თაობაზე, – განუცხადა „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ საქართველოს მთავრობიდან.

„APM Terminals“, რომლის სათავო ოფისი ჰააგაშია განთავსებული, დანიური კონგლომერატის – „A.P. Moller-Maersk Group“-ის შვილობილი კომპანიაა.

სამთავრობო წყარომ „როიტერს“, ასევე, განუცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე ვეტოს უფლების მქონე საქართველოს მთავრობა ჩართულია მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღეში დასრულდეს.

„RAKIA“-მ კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო „APM Terminals“-მა გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა“, – იტყობინება „როიტერი“.

„RAKIA“-მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში 300 ჰა მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით, იმავე წელს, „RAKIA“-მ 65 მილიონ აშშ დოლარად სახელმწიფოსგან ფოთის პორტის აქციების დარჩენილი 49 პროცენტიც შეიძინა.