სამართალი
სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგინება

tugushiდღეს, 4 აპრილს, პარლამენტს ოფიციალურად წარედგინება სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ომბუდსმენის ოფისის მიერ მომზადებული 500-გვერდიანი დოკუმენტი ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა.

სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ანგარიში პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს 31 მარტს ჩაბარდა. ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ტენდენციებსა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს ასახავს. მასში განსაკუთრებულად კრიტიკულად ქვეყნის პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი ვითარება ხასიათდება.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ერთ-ერთ პრობლემატურ სფეროდ სწორედ სასჯელაღსრულების სისტემა რჩება.

ძირითად პრობლემებს შორის სახელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობა, დაწესებულებების ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა და აღნიშნული ფაქტების არასათანადოდ გამოძიება. გარდა ამისა, ციხეებში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება პატიმრების ხელმისაწვდომობა შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.

აღსანიშნავია სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნაც, რომ 2010 წლის განმავლობაში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ წინა წლებში სისტემაში გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებში შექმნილი ვითარების გამოც საკმაოდ კრიტიკულია.