საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი უკვე ხუთ ენაზე ფუნქციონირებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ.