„რამდენიმე რადიკალურ პარტიას“ სურს, რაიონებს არ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში და თავად გადაწყვიტონ, ვინ აირჩევს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს „ბევრად უფრო მეტი გავლენის მქონე“ მომდევნო პარლამენტში“, – აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი.
გასულ შაბათს მან საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, პოეტ მუხრან მაჭავარიანის სახლის ეზოში, მოსახლეობასთან სატელევიზიო შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და დაიცვა მმართველი პარტიის პოზიცია არსებული მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე.„საქმე არის ძალიან კონკრეტული – მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის ცენტრალური რაიონიდან. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ანგარიშვალდებული ვიყავი არა ჩემი პარტიული ლიდერების წინაშე, არა ვიღაც ჩემი მეგობრების წინაშე. ამ ხალხმა ამირჩია... და ეს ხალხი გამაგდებდა შემდეგ არჩევნებზე, თუ მათ დავალებას არ შევასრულებდი“, – განაცხადა მან.
„ახლა არის დებატები იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში. შემდეგი წლის არჩევნებისთვის მიდის მომზადება. და ერთ-ერთი მოთხოვნა რამდენიმე რადიკალური პარტიის არის, რომ რაიონებს არ უნდა ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ თბილისში, ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი პარლამენტში“.
მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ შემდეგი პარლამენტი დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას და „ე.ი. ბევრად უფრო მეტი გავლენა ექნება“.
„თუ თქვენ აღარ გკითხავენ [მაჟორიტარების არჩევას], მაშინ პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს შეარჩევს ერთი და იგივე 30-40 კაცი, რომელიც მაქსიმუმ რუსთაველზეა ნამყოფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – მიმართა მან მოსახლეობას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ ნოემბერში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მოქმედი სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
ამ თემაზე შეუთანხმებლობა პროცესის დაწყებიდან ხუთი თვის ბოლოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების შეფერხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს, მოქმედ მაჟორიტარულ სისტემაზე უარი თქვას და დაეთანხმოს რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ წინადადებას –150-წევრიანი პარლამენტის 75 წევრი კვლავაც პროპორციული სისტემით აირჩეს, ხოლო დანარჩენი 75 დეპუტატი – რეგიონულ-პროპორციული წესით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.
1 აპრილს გამართული შიდა კონსულტაციების შემდეგ „ოპოზიციური რვიანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ისინი იმგვარ დამატებით წინადადებებს წარმოადგენენ, რაც საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას, მოლაპარაკების მაგიდიდან გავიდეს და პროცესი ჩიხურ მდგომარეობაში დატოვოს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს, ასევე, განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „სუსტები არიან“, რადგან „საერთოდ არ აინტერესებთ“ მოსახლეობის აზრი და „თუ ხალხის აზრი არ გაინტერესებს, ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებ!“
„ვარდების რევოლუციის მთავარი არსი იყო, რომ ჩვენ პოლიტიკა დავუბრუნეთ ხალხს – ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ ერთი რამე ვიცით: ჩვენი ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხმა აგვიყვანა ხელში, მიგვიყვანა, დაგვსვა იქ და ხალხს შეუძლია, აქედან გაგვყაროს და ხალხის აზრი არის გადამწყვეტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა პოლიტიკაში „ახალი სახეების“ მოყვანის მნიშვნელობასაც.
„მთავრობაში სულ ახალი ხალხი მოგვყავს, პარლამენტშიც უნდა მოვიყვანოთ ახალი ხალხი, – განაცხადა სააკაშვილმა, – დემოკრატია მუშაობს ასე და დემოკრატია არ არის ერთი და იგივე 100 ადამიანის მმართველობა“.