საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED) ბოლო პერიოდში რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ეხმიანება და აცხადებს, რომ გადადგომების ეს „ტალღა“ კითხვის ნიშნებს აჩენს, რომ „არჩევითი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება არაჯანსაღი პროცესის შედეგია“.
„პარტიული დაპირისპირებისა და სავარაუდო ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მერების გადადგომა არა საკუთარი ნებით, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ან პარტიის მითითებების შედეგია“, – ნათქვამია ISFED-ის მიერ 10 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი შემთხვევები, „ნათლად წარმოაჩენს რეალური დეცენტრალიზაციის არარსებობას“ და „მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობების, როგორც ადგილობრივი მმართველობის დამოუკიდებელი არჩევითი რგოლის როლს“.
„არჩევითი თანამდებობების პირების ბუნდოვანი მიზეზით გადაგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ვერტიკალით იმართება და პირდაპირი წესით არჩეული მერები საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ადგილობრივ ამომრჩევლებს, არამედ პარტიულ ლიდერებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
თანამდებობიდან გადამდგარ მერებს საჯაროდ განმარტონ გადადგომის მიზეზები;
მმართველ პარტიას აღმოფხვრას ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო ზეწოლისა და დევნის არაჯანსაღი პრაქტიკა, მერების საქმიანობაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი – უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები.
ბოლო ერთ თვეში თანამდებობა უკვე ოთხი მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა დატოვა. 11 მარტს თანამდებობიდან კასპის აწ უკვე ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი გადადგა, 1 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, 8 აპრილს კი – დაკავებული პოსტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ასევე აწ უკვე ყოფილმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ დატოვა.
ოპოზიციაში არჩებული მერების მიერ თანამდებობების დატოვებას პარტიულ დაპირისპირებასა და სავარაუდო ზეწოლას უკავშირებენ. აღნიშულს კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში და განმარტავენ, რომ უკვე ყოფილმა მერებმა პოსტებიდან საკუთარი სურვილით გადადგნენ.