სამართალი
საერთაშორისო სამართლის ცნობილი ექსპერტი ლევან ალექსიძე ახმიანებს აზრს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანისას დაუშვა შეცდომა.
მას მიაჩნია, რომ ამ სახის სარჩელით ქართულ მხარეს თავდაპირველად რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტისთვის ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რომელიც, ასევე, ჰააგაში მდებარეობს.
„რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციის 22-ე მუხლში ნათქვამია, რომ კონფლიქტი პირდაპირი მოლაპარაკებებით ან ამავე კომიტეტის საშუალებით უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ ბრალს სწორედ იმაში გვდებენ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩივლია ამ კომიტეტში“, – განაცხადა ლევან ალექსიძემ.მისივე თქმით, მოულოდნელი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არის დავის მხარე. „დიდი ხანია, რაც საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი მხარედ აღიარა, ევროკავშირი და ევროსაბჭოც აცხადებენ, რომ რუსეთი ამ დავაში არის მხარე. მაგრამ აქ მთავარი იურიდიული მხარეა – ჩვენ თავიდანვე შეცდომა დავუშვით, როცა ამ სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ“, – განაცხადა ლევან ალექსიძემ.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გუშინდელ სხდომაზე 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ რუსეთისადმი საქართველოს სარჩელი მის იურისდიქციაში არ შედის. სასამართლომ იმავე სხდომაზე 12 ხმით 4-ის წინააღმდეგ უარყო რუსეთის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული მხარე რუსეთსა და საქართველოს შორის დავის არარსებობას ამტკიცებდა.