საზოგადოება
გომელაური: შსს საპატრიარქოსთან სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განიხილავს

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატრიარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში – ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება. თუმცა, წელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. როგორ მოხდება აღდგომის აღნიშვნა, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ აღდგომის ღამესაც ქვეყანაში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარების რეჟიმის ფარგლებში დაწესდა.

ადრე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო თანამშრომლობს ჩვენთან, ერთად ვმუშაობთ ამ საკითხის გადასაჭრელად, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ეკლესიებში დღეს სრულად იცავენ სოციალურ დისტანციას და სასულიერო პირები თავად მოუწოდებენ მრევლს, არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსთან შევთანხმდებით. თავად მეუფეებიც მოუწოდებენ მრევლს, რომ არ დაარღვიონ კანონი. ესენი არ არღვევენ კანონს და ყველაზე კარგად იცავენ თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც ჩვენ ახლა ვარღვევთ", - განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

ადრე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.