საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ამერიკიდან სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის ჩამოყვანის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
სპეცრეისი 10 აპრილს შესრულდება. თვითმფრინავი აშშ-დან ჯერ კატარის დედაქალაქში დოჰაში დაჯდება, შემდეგ კი თბილისში ჩამოფრინდება. პრემიერის თქმით, ეს მარშრუტი ბავშვების მშობლებთან შეთანხმებულია.
„ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში. ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში 79 არასრულწლოვანის, სკოლის მოსწავლეების საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სომეხმა კოლეგებმა მას ამავე რეისით ამერიკიდან 35 სომეხი მოსწავლის ჩამოყვანაც სთხოვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამშობლოში უკვე ჩამოყვანილია საქართველოს 5 ათასზე მეტი მოქალაქე ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
16 აპრილს დანიშნულია რეისი პარიზი–თბილისი, 18 აპრილს – თელ-ავივი–თბილისი, 21 აპრილს – რომი–თბილისი. ასევე 24 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი–ბარსელონა–თბილისი, 27 აპრილს – თბილისი–ვარშავა–თბილისი.
რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ბილეთის ფასია 199 ევრო.