პუბლიკაციები
გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი: „ვისი მომრევიც ხარ, მოწინააღმდეგედ ის უნდა შეარჩიო! თუ არადა, საკუთარ თავს დააბრალე...“

guram_neww„შესაცვლელი ძალიან ბევრია!“ – ასე მიაჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს 1993-2008 წლებში, გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ჩვენთვის სამარცხვინო ბლიცკრიგის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში შეტანილ ცვლილებებზე საქინფორმის ჟურნალისტმა კომენტარების გაკეთების თხოვნით მიმართა.

გენერლის დოსიე: გურამ ნიკოლაიშვილი 58 წლისაა. იგი თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. სამსახური 1974 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-7 გვარდიულ არმიაში ოცეულის მეთაურად დაიწყო. იქვე გაიარა ბატარეის მეთაურის, საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსის საფეხურები. 1989 წელს ლენინგრადში კალინინის სახელობის სამხედრო აკადემია დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისში დისლოცირებული მე-100 გვარდიული დივიზიის სათადარიგო სასწავლო არტპოლკის მეთაურად დაინიშნა. მისი სამხედრო ბიოგრაფიის შემდგომი ეტაპი ახალქალაქში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-10 დივიზიას უკავშირდება, სადაც ჯერ პოლკს მეთაურობდა, შემდეგ კი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-10 დივიზიის სარაკეტო ჯარებსა და არტილერიას.

1992 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს: თანმიმდევრობით იკავებს მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის, მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, ამ სამმართველოს უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს. სამსახური დსთ-ის სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაციის შტაბის უფროსის მოადგილეობით დაასრულა. თადარიგში გავიდა 2000 წელს. გურამ ნიკოლაიშვილი ქვეყნის უსაფრთხოების ძველი კონცეფციის ერთ-ერთი ავტორია.

– ბატონო გურამ, რა შეიცვალა კონცეფციაში 2008 წლის აგვისტოს ცხინვალის ბატალიების შემდეგ?

კითხვა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ახალი კონცეფციის ტექსტს რომ ვიცნობდე. სამწუხაროდ, მასზე ჯერჯერობით ხელი არ მიმიწვდება...

– მაშინ ვეცდები, კითხვა სხვაგვარად დავსვა: რას შეცვლიდით მასში დღევანდელი დღის რეალიების გათვალისწინებით?

ეს სულ სხვა საქმეა! გულწრფელად გეტყვით: შესაცვლელი ძალიან ბევრია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო შეიქნა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. დღევანდელი გადასახედიდან, პირველ რიგში, აღვნიშნავდი ქვედა რგოლის სუსტ მომზადებას, რომელიც უუნარო გამოდგა, რეალური და არასასწავლო ბრძოლის პირობებში თავისი ქვედანაყოფებისთვის ეხელმძღვანელა. სრული უვიცობა შეინიშნებოდა უფროსი მეთაურობის მოქმედებებშიც, რომლებმაც ვერ შეძლეს ხელქვეითების წინაშე კონკრეტული საბრძოლო ამოცანის დასახვა და მისი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.

კრიტიკას ვერ უძლებს თადარიგის სამხედრო მოსამსახურეთა მობილიზაციის სისტემაც, რომლის მოწესრიგებაც ვერ შეძლეს ქვეყანაში სამხედრო კომისარიატების გაუქმების შემდეგ.

ომის კიდევ ერთი გაკვეთილია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამხედრო ძალებს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებაც: კონკრეტულად ვინ რას აკეთებს, რომელ ამოცანას ასრულებს. ამ მოქმედებების კოორდინატორი გენერალური შტაბი უნდა იყოს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით – ზემოდან ქვემოთ, საქმეებს თვითდინებაზე არ მიუშვებს, რასაც ადგილი ჰქონდა.

სამწუხაროდ, ძირითადად, ანბანურ ჭეშმარიტებებზე საუბარი მიწევს, რომელიც ნებისმიერი პროფესიონალი სამხედროსთვის ელემენტარულია. მაგალითად, ბრძანების გამცემიდან მიმღებამდე ჯაჭვის მთელ სიგრძეზე მკაფიო კავშირის ორგანიზებაზე. შესაძლოა, ეს უმთავრესი იყოს, რის გარეშეც შეუძლებელია ბრძოლაში ქვედანაყოფების სწორი, მოწესრიგებული მოქმედებები.

უფრო მეტიც, საბრძოლო მეცნიერება კავშირის მართვის პუნქტების შექმნას მოითხოვს – სახმელეთო, საჰაერო, მოწინავე, გვერდითი. უნებლიეთ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს მეთაურებს შესაბამის სამხედრო მითითებებში არც ჩაუხედავთ და ბრძოლებში, სასაცილოა, მაგრამ მობილური ტელეფონებითაც იოლად გადიოდნენ.

გარკვეულ ეჭვებს აღმიძრავს ჩვენი შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ორგანიზაციაც. არცთუ გონივრულია, როცა 240-კმ-იან სანაპირო ზოლზე სამხედრო-საზღვაო ძალები სასაზღვრო ძალების დაქვემდებარებაში გადადის.

და კიდევ: ჰაერში მოწინააღმდეგის აშკარა უპირატესობის პირობებში გონივრული და მიზანშეწონილი იქნებოდა ყველა არსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალების ერთიანი მმართველობის ქვეშ გადაცემა – მეტნაკლებად ეფექტური თავდაცვითი ფარის შესაქმნელად, რაც, ასევე, არ გაუკეთებიათ.

როგორც ბოლო წლების უსახელო მოვლენებმა უჩვენა, სრულყოფას მოითხოვს დაზვერვის მთელი სისტემაც არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური დაზვერვის ჩათვლით. შესაძლოა, სამხედრო საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ეს უცნაურადაც მოეჩვენოთ, მაგრამ დაგეგმილი სამხედრო კამპანიის სავარაუდო შედეგების პროგნოზირება ყველაზე მარტივად სწორედ პოლიტიკურ-დიპლომატიური არხებითაა შესაძლებელი. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ჩხუბის წამომწყები თავად ხარ!

– ბატონო გენერალო, მოდი, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციას დავუბრუნდეთ, რითაც საუბარი დავიწყეთ. ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გაგიზიარებთ. როგორც ჩვენში ხდება, როცა მნიშვნელოვანი საქმე ფუჭდება, ჩვეულებრივ, დამნაშავეს, ე. წ. განტევების ვაცს, ეძებენ ხოლმე, ხოლო თუ ვერ იპოვიან, მაშინ ნიშნავენ. ჩვენთვის სამარცხვინო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მეთაურთა უმეტესობას, უცნაურია, მაგრამ მხრებზე თავები შერჩა! სასწრაფოდ მხოლოდ კონცეფცია შეცვალეს... გამოდის, რომ ეს „საწყალი“ კონცეფციაა ყველაფერში დამნაშავე?! ეს კი უკვე თქვენს „ბოსტანში ნასროლ ქვას“ ჰგავს, ბატონო გურამ. რას უპასუხებდით?

უწინარესად, საჭიროდ მიმაჩნია, განვმარტო, რომ კონცეფცია – ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების მთელი სისტემის კომპლექსური გეგმა არა მარტო სამხედრო, არამედ სამეურნეო, ეკოლოგიური და ა. შ. გეგმის ჩათვლით. უსაფრთხოების კონცეფციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სამხედრო დოქტრინა, სადაც ჯარებისთვის კონკრეტული ამოცანებია გაწერილი. მთლიანად კონცეფცია და, კერძოდ, დოქტრინა კარგია იმ შემთხვევაში, როცა მისი ყველა პუნქტი განუხრელად სრულდება. სრულებითაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ძველ კონცეფციაში იყო რაღაც ისეთი, რაც ჩვენს მეომრებს ხელს შეუშლიდა, ღირსეულად წარმდგარიყვნენ მოწინააღმდეგის წინაშე. იმ ცვლილებებზე, რომელთა შეტანაც ამ დოკუმენტებში შესაძლებელია, უკვე მოგახსენეთ. ისღა დამრჩენია, კიდევ ერთი კეთილი რჩევა გამოვთქვა: სხვა საქმეა, როცა თავს გესხმიან. აქ, გინდა თუ არა, ვალდებული ხარ, თავი დაიცვა, რა საფრთხეც უნდა გემუქრებოდეს; და სულ სხვა საქმეა, როცა – თავად ირჩევ! ამიტომ მოწინააღმდეგედ ის უნდა შეარჩიო, ვისი მომრევიც ხარ. თუ არადა, საკუთარ თავს დააბრალე, რაც მოხდა კიდეც... და კონცეფცია აქ არაფერ შუაშია.

– და მინც, ბატონო გურამ, რა არის 2008 წლის აგვისტოს ომის მთავარი გაკვეთილი?

– ჩვენი ყველა რგოლის – უდაბლესიდან უმაღლესამდე – სამეთაურო შემადგენლობის აშკარა უცოდინარობა! ყველაფერი კი არმიიდან გამოცდილი საბრძოლო ოფიცერთა კადრების დათხოვნით დაიწყო, რომელთა ადგილიც სხვადასხვა დაჩქარებული სამხედრო (ოღონდ – აუცილებლად უცხოური!) კურსების ფიგურანტებმა დაიკავეს. ჩვენს სამხედრო აკადემიაში იმდენი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომ მისი ამჟამინდელი კურსდამთავრებულები ცოდნის დონით „პროპორშჩიკობას“ როდი გასცდებიან...

უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში აუცილებლად მიმაჩნია სწავლების 5-წლიანი პროგრამის დაბრუნება და წვევამდელი ახალგაზრდების სამხედრო მომზადების გაძლიერება.

სხვათაშორის, ურიგო როდი იქნებოდა, კურსები გაევლო (ვიმედოვნებ, განახლებული აკადემიის!) უმაღლეს სამხედრო მეთაურობასაც, რომელსაც მინიმალური სამეთაურო სამხედრო ცოდნაც არ გააჩნია!

– დაბოლოს: ბატონო გენერალო! რამდენად გონივრულად მიგაჩნიათ რუსეთის ნომერ პირველ მტრად გამოცხადება? მითხრეს, რომ ეს დებულება ახალი კონცეფციის ტექსტშიც კი დაუფიქსირებიათ.

მსმენია ამის შესახებ, თუმცა არ მგონია, სიმართლე იყოს... უახლოეს მეზობელთან, ვინც უნდა იყოს, ყოველთვის ჯობს, ნორმალური ურთიერთობები გქონდეს! სავალდებულო სულაც არაა – პირს უკოცნიდე, მაგრამ მტრად მიჩნევა დაუშვებელი შეცდომა იქნებოდა.

– გმადლობთ ინტერვიუსათვის!

 

ესაუბრა გივი ბაქრაძე

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“