საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევებთან დაკავშირებით იმსჯელა და ამ დროისთვის ვანში, ქობულეთსა და სამეგრელოში მარნეულისა და ბოლნისის მოდელების განხორციელება არ განიხილება.
თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, საღამოს საბჭო კვლავ შეიკრიბოს და ზომების გამკაცრების საკითხზე იმსჯელოს.
ამ კომენტარით ტიკარაძემ უპასუხა მედიის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, „ვანში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ასევე შიდა გადაცემის შემთხვევები დადასტურდა ქობულეთშიც, სამეგრელოშიც არ გამორიცხავდა გუბერნატორი, რომ მომხდარიყო რეგიონის ჩაკეტვა, განიხილება თუ არა აღნიშნულ რეგიონებში მარნეულისა და ბოლნისის მოდელების განხორციელება“.
„დღეის მდგომარეობით, საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება, მოკვლევა ამ კონტაქტების. შეიძლება, დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი და უკვე 5000 მოქალაქეა გამოკვლეული.