საზოგადოება
აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ დაინფიცირებული პაციენტი გაგრაში მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა.

კორონავირუსის დადგენის შემდეგ, პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამჟამად მკურნალობას გადის. დაავადების გავრცელების მასშტაბების გამოსავლენად, ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

მანამდე, 30 მარტს, კორონავირუსი აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა. პაციენტს, რომელიც ასევე მოსკოვიდან დაბრუნდა, დიაგნოზი ზუგდიდის საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ამჟამად მკურნალობს.

გალის მკვიდრის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოხუმმა აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვისთვის საპოლიციო კორდონის მოწყობა დაავალა. აფხაზეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გალის რაიონში საკომენდანტო საათიც შემოიღო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 27 მარტს სოხუმმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 20 აპრილამდე იქნება.

ამასთან, აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე 27 თებერვალს დროებითი შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც თბილისში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.