აქტუალური
აფთიაქებში ქართული წარმოების პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ორ დღეში აღნიშნული პროდუქცია წამყვან სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება, საუბარია – „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, „პეესპესა” და „ჯიპისიზე“.

დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გავუშვით, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდეს წამყვან სააფთიაქო ქსელებში პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, „პეესპეზე“ და „ჯიპისიზე“, ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების განაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან, შაბათ დღეს ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი მრავალჯერადი, ქართული წარმოების პირბადეების შეძენა“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ფასს, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება ერთ ლარზე მეტი უჯდება, თუმცა აფთიაქებში ცალი 50 თეთრად გაიყიდება.

სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ნედლეულის მოწოდება ჩვენთვის ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ამას თავისი ღირებულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უფასოდ გვიკერავენ პირბადეს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება ერთ ლარზე მეტი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, მეტად ხელმისაწვდომი გახდეს პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში პირბადეები გაიყიდება თითო ცალი 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებადი ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებასა და პრაქტიკულად, ნახევარი თვითღებულბით, 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გვეთანამშრომლებიან აფთიაქები“, – განაცხადა თურნავამ.

ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად მოიკითხონ დოლბანდის პირბადე და ეს იქნება სწორედ ის პირბადე, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში იწარმოება და 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი.

ვინაიდან, მარნეულსა და ბოლნისის ზონაში და ახლა უკვე ვანის მუნიციპალიტეტში არის განსხვაებული ეპიდსიტუაცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში სწორედ ამ რეგიონების სააფთიქო ქსელებს მიეწოდოს ეს პირბადეები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.