საზოგადოება
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ ჰუმანიტარული აქცია განახორციელა კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. 2020 წლის 5 აპრილს, საქართველოს საელჩომ, საქართველოს ხელისუფლების მითითებით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, განახორციელა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული სახის აქცია საქართველოს მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული მისია კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში ქართული დიასპორის თხოვნით განხორციელდა.

მოსახლეობას პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები გადაეცა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული, საქართველოში დამზადებული პირბადეები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი.

საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის ქ. კახში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ქ. კახის პოლიკლინიკები და სოფ. ალიბეგლოს საავადმყოფო, ასევე სოფლები - ალათემური, ალიბეგლო და ქოთოქლუ; ესტუმრნენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შშმ პირებს, რომლებსაც პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცეს.