საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.
„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ შესწირა, დაუთმო და დღესასც აგრძელებს იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მანამდე მეუფე შიომ ქადაგებისას დღვანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ჩვენს გულსა და გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული, ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე, რადგან იცით, ადამიანი უფლის ტაძარია“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
მისივე თქმით, 7 აპრილს ეკლესია ღვთისმშობლის მშობლებსაც იხსენებს: წმინდა იოაკიმესა და ანას, რომელთაც უამრავი განსაცდელი გამოიარეს და რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მათ განსაცდელებთან შედარებით.
„რატომ ხდება ასე? იმისთვის, რომ უფალი ჩვენს გულში იშვას, ეს დიდი სულიერი ბრძოლის, განსაცდელების შედეგად ხდება. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. ამის მაგალითია წმინდა იოაკიმე და ანა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.