საზოგადოება
საქართველოში "აგრესიული ტესტირების" შედეგად ინფიცირებულთა ზრდას არ ელოდებიან

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. "აგრესიული ტესტირების" შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რადიკალური ზრდა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან დასძინა, რომ ეს მეთოდი სამედიცინო პერსონალთან უკვე გამოიყენება.

მინისტრის თქმით, სამედიცინო პერსონალის ტესტირება აგრესიული მკურნალობის დასაწყისში პირველი ნაბიჯია.

აგრესიული ტესტირების" შედეგად რადიკალურ ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. როდესაც ალგორითმი შევცვალეთ და გარკვეულ ისეთ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, ეს არის პირველი ნაბიჯი "აგრესიული ტესტირების" დაწყებისკენ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "აგრესიული ტესტირება" ეტაპობრივად გაფართოვდება, რათა უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული კლასტერები.

ტიკარაძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლას გარკვეული გრადაცია აქვს, რომელსაც სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან.

ყოველ ნაბიჯზე ალგორითმი და პრიორიტეტი იცვლება. ჩვენთვის "აგრესიული ტესტირება" არის პრიორიტეტი, მაგრამ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურ ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 188 ადამიანი, აქედან განიკურნა 36, გარდაიცვალა – 2, კარანტინშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.