უცხოეთი
მოსაზრება: რუსეთი, OPEC-ი და აშშ ახალი წესრიგის დასამყარებლად ემზადებიან

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. წინა კვირა დასრულდა დონალდ ტრამპის მცდელობით, ხელში აეღო ნავთობის მსოფლიო ბაზრის მართვის სადავეები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამჯერად გაცილებით უკეთ გაუმკლავდა ამოცანას, ვიდრე წინა შემთხვევებში.

ივან დანილოვი

პირადი „ტვიტერის“, სანქციების, განცხადებებისა და საპრეზიდენტო განკარგულებების მეშვეობით ტრამპმა ნავთობის ფასის დაგდება ვერაფრით მოახერხა, მაგრამ ფასების მკვეთრი ზრდის ორგანიზების მცდელობა შესანიშნავად გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ზრდა შესაძლოა მეტისმეტად ხანმოკლეც აღმოჩნდეს.

„ნავთობის თაობაზე გარიგების“ ჩაშლის პერიოდი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ პომპეზურად დააანონსა, შედარებით ხანმოკლე აღმოჩნდა. შევადაროთ ორი ცნობა:

„ეს წუთია ვესაუბრე მეგობარს — საუდის არაბეთის პრინცს, რომელიც ელაპარაკა პრეზიდენტ პუტინს, და ველი და ვიმედოვნებ, რომ ისინი [მოპოვებას] შეამცირებენ დაახლოებით ათი მილიონი ბარელით და შესაძლოა საგრძნობლად მეტითაც. თუ ასე მოხდება, ნავთობისა და გაზის დარგისთვის შესანიშნავი იქნება!“ – დაწერა ტრამპმა 2 აპრილს „ტვიტერის“ გვერდზე.

​შაბათ საღამოს ტრამპმა რიტორიკა მცირედით შეცვალა. ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა OPEC-ი (ორგანიზაცია, რომელსაც, პრაქტიკულად, ხელმძღვანელობს საუდის არაბეთი და რომლისგანაც მოსალოდნელია მოპოვების შემცირება):

„მთელი ცხოვრება ოპეკის წინააღმდეგი ვიყავი. რას წარმოადგენს ის? ესაა უკანონო (სტრუქტურა, - რედ.), შეგიძლიათ უწოდოთ მას კარტელი, შეგიძლიათ უწოდოთ მონოპოლია“.

მეტიც, მან კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა დააწესოს ბაჟი ნავთობის (სავარაუდოდ, საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან) იმპორტის წინააღმდეგ აშშ-ში სამუშაო ადგილების გადასარჩენად, მაგრამ ამასთანავე ღიად დატოვა იმის შესაძლებლობა, რომ „საუკუნის გარიგება“ დღეში ათი მილიონი ბარელის შემცირების თაობაზე შეიძლება მაინც შედგეს.

OPEC+-ის წევრების შეხვედრა 6 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება. რადიო Sputnik-ის ეთერით ეკონომისტმა ვლადისლავ გინკომ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება ნავთობის ბაზარზე უახლოეს მომავალში.

აშშ-ის ლიდერის გაღიზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ორი ფაქტორით: ჯერ ერთი, ნავთობის ბაზრის მონაწილეთა კონფერენციის სწრაფად მოწვევა ჯერ ვერ მოხერხდა, მეორეც – თითქმის ყველა წამყვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის წარმომადგენლები ვაშინგტონს მიანიშნებენ, რომ სერიოზული გარიგება მოპოვების უპრეცედენტოდ შესამცირებლად შეიძლება შედგეს მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით – და ეს პრინციპულად არ შეიძლება მოსწონდეს თეთრ სახლს. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ფუნდამენტური იდეა, რომელსაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება, არის ის, რომ ყველას აქვს აშშ-ის ვალი, რომელსაც ვერასდროს გადაიხდის.

რასაკვირველია, რეფლექსიის საკითხი არასდროს აღელვებდათ „გეოპოლიტიკურ კოვბოებს“ დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიებიდან, ამასთან, რა საჭიროა პრობლემების ძებნა შიგნით, როდესაც ავტორიტეტული ამერიკული მედიამაგნატები ყოველთვის გიკარნახებენ, რომ ყველაფერი პუტინის ბრალია. The New York Times-მაც კი, გამოცემამ, რომელიც მზადაა აკრიტიკოს დონალდ ტრამპი ყველაფრისთვის, ზუსტად იცის, ვინაა დამნაშავე ნავთობის ბაზრის ყველა პრობლემაში: OPEC-ის ორი დელეგატის სიტყვებით, ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების, რუსეთისა და ნავთობის სხვა მომპოვებელი ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის), რომელიც ენერგეტიკულ ბაზრებზე ქაოსის შეწყვეტის მიზნით გარიგების დადების იმედს იძლეოდა, გადაიდო.

ეს სიახლე მაშინ გავრცელდა, როდესაც დაიძაბა ვითარება საუდის არაბეთს, OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერსა და რუსეთს შორის იმასთან დაკავშირებით, ვინაა დამნაშავე ნავთობის ფასების ამასწინანდელ ვარდნაში. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივ დაადანაშაულა საუდის არაბეთი ფასების ვარდნაში. არაბებმა უპასუხეს მწვავე განცხადებებით და რუსეთი დაადანაშაულეს. შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, ვაშინგტონს რომ განეცხადებინა, რომ ის თავად „ჩამოჭრის“ სამ ან ოთხ მილიონ ბარელს საკუთარი მოპოვებიდან, არავითარი დავები აღარ იქნებოდა: ყველა მეტისმეტად დაკავებული იქნებოდა შეთანხმებების გაფორმებითა და მოგების დაანგარიშებით.

ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა არ გამორიცხა ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების შესაძლებლობა, მაგრამ არა ხანგრძლივი დროით. ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორმა სერგეი პიკინმა რადიო Sputnik-ის ეთერით წარმოადგინა თავისი პროგნოზი ნავთობის ბაზარზე მოვლენების განვითარების თაობაზე.

ურთიერთსაყვედურების, ბრალდებებისა და სირთულეების მიუხედავად, მაინც არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ არსებობს გარკვეული შანსი ნავთობის ბაზრის ახალი არქიტექტურის შემუშავებისა, რომელშიც ყველა ქვეყანა – ნავთობის მომპოვებელი, მათ შორის, აშშ – თავის თავზე აიღებს მოპოვების შემცირების გარკვეულ ვალდებულებებს ფასების გაზრდის მიზნით. დონალდ ტრამპი თავს უფლებას ვერ მისცემს, მოსთხოვოს ამერიკელ მენავთობეებს მოპოვების შემცირება და ფაქტი არ არის, რომ მას მოუნდება საჯაროდ აღიარება იმისა, რომ ასეთი ვალდებულებები იკისრა: ამერიკა, რომელიც მარცხდება ფასების ომში, აღარ გამოიყურება როგორც „ძლიერი სახელმწიფო“, როგორსაც პრეზიდენტი თავის ელექტორატს დაპირდა.

მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ტრამპს მართლაც ძალიან სჭირდება ნავთობის ფასის გაზრდა და მას სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა მენავთობეებისთვის დირექტივებისა და მითითებების მიცემის გარეშეც გააჩნია. თუ საქმეს ხელს მოჰკიდებს ნავთობის ბაზრის მარეგულირებელი ტეხასის კომისია, ორი-სამი მილიონი ბარელი ფიქალური ნავთობის „ჩამოჭრა“ რამდენიმე მისაღები საბაბით შედარებით მარტივად იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ უმსხვილესი ფიქალური ნავთობის კომპანიები თავად ითხოვენ შტატების მთავრობისგან სწორედ ამგვარ ზომებს.

ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვება მექსიკის ყურეში – ფედერალურ მთავრობას შეუძლია დროებით დახუროს ეს საბადოები მენავთობეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით. ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება მარტივი იქნება, რომ ის აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება და რომ ეს წარმატება სწრაფად მიიღწევა. მაგრამ ფაქტი, რომ ვაშინგტონი ახლა ძალიან დაინტერესებულია ნავთობის ბაზრის ახალი კარტელის ფორმირებითა და მასში მონაწილეობით – უკვე კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი შედეგია.

OPEC+-ის წევრი ქვეყნების უახლოესი შეხვედრის შედეგებისგან დამოუკიდებლად ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვანი შემცირებაც კი ვერ შეძლებს ნედლეულზე შემცირებული მოთხოვნილების კომპენსირებას – კორონავირუსი რადიკალურად ამცირებს ნავთობზე დედამიწის მოსახლეობის მოთხოვნილებას.

მთავარი ფსონი – ესაა ნავთობის ბაზრების მომავალი კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ. ეპიდემია, ადრე თუ გვიან, დასრულდება, ნავთობით ფულის შოვნის სურვილი კი დარჩება, ისევე, როგორც მსოფლიო ეკონომიკის მოთხოვნილება შავ ოქროზე. და თუ ეპიდემიის გამო მსოფლიო ნავთობის ბაზრის ახალ არქიტექტურას შეიმუშავებს, სადაც ფასებს გააკონტროლებენ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გლობალური შეთანხმების მონაწილეები, ეს შეიძლება მივიჩნიოთ დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთ პოზიტიურ შედეგად.

sputnik-georgia.com