საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. ფოთის ჰოსპიტალში, ე.წ. ცხელების ცენტრში 4 აპრილს გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, საბერიო-ფახულანის ე.წ. საზღვრის გავლით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი შეიყვანა. ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ განაცხადა.
„ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ახლა პაციენტი ბოქსირებულ პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მხეიძემ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
შესაბამისად, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„დღეს ჩვენთან ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი, ოთხთთან მივიღეთ დადებითი“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 174 შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.