პოლიტიკა
აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს

 საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. აშშ-მა, ევროკავშირმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს, რომელიც, მათ შორის, სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.

რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტში სახელწოდებით „კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობის დეკლარაცია“ ნათქვამია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ცალმხრივად დაწესებული სანქციები ხელს უშლის კორონავირუსთან გლობალურ ბრძოლას.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა უკრაინის, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციის გამო.

ვწუხვართ, რომ სანქციების პოლიტიკის მომხრე სახელმწიფოების მცირერიცხოვანი ჯგუფი მზად არ აღმოჩნდა, გამოხმაურებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას და უარი ვერ თქვა საკუთარ პოლიტიზირებულ მიდგომებზე. შედეგად, პანდემიისთვის გლობალური და სოლიდარული პასუხის გაცემა უფრო რთული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროში რუსეთის მისიაში ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არგუმენტებისა და ლოგიკის მოსმენა სურთ, თუ რატომ დაბლოკეს აღნიშნული რეზოლუცია.

ამავდროულად, გვსურს უკრაინა და საქართველო ამ ძალისხმევისგან გავათავისუფლოთ, რადგან მათი არგუმენტები, როგორც წესი, ქედმაღალი და პოლიტიზირებულია“, - დასძინეს გაეროში რუსეთის წარმომადგენლობაში.

24 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნან.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვდომა სურსათზე, სამედიცინო საქონელზე და კორონავირუსის პამდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერა მოხდეს. დადგა სოლიდარობისა და არა იზოლაციის დრო“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.