პოლიტიკა
გიორგი გახარია - ასეთი გამოწვევების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი ყველაზე საშიში მოვლენაა, გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა, გულწრფელობა და სამშობლოს სიყვარული

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ყველა სოციალურ ჯგუფს, მოვუწოდო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად დავამარცხოთ ვირუსი, ერთად შევქმნათ ეს სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო, რომელიც მინიმალური რესურსებით, სხვებთან შედარებით უკეთ შეძლებს ამ გამარჯვების მიღწევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანა ახლა გადის ადაპტაციის პროცესს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალზედ საპასუხისმგებლოა.

რაც მთავარია, ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ და ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი გაფრთხილება - ამ ბრძოლის პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი ყველაზე საშიში მოვლენაა. ეს არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს ყველაფერი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გამოწვევების, ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არის ის, რაც არ უნდა ეპატიოს არავის, ეს არის ის, რამაც შეიძლება ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნას. ამიტომ, გამოვიჩინოთ ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო მეტი გულწრფელობა, ცოტა უფრო მეტი სამშობლოს სიყვარული და ცოტა უფრო მეტი იმედი და რწმენა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.