საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველომ კორონავირუსის ინფექციის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეცვალა.

გვიან ღამით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა გაფართოებული სხდომა, რომელშიც ყველა ექპერტი და სპეციალისტი მონაწილეობდა, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.

სპეციალისტები შეთანხმდნენ ახალ პროტოკოლზე, რომელიც წინა პროტოკოლისგან პრინციპულად განსხვავდება. ცერცვაძის განცხადებით, ძველი პროტოკოლი კარგად მუშაობდა ვირუსის შეკავების ფაზაში, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა.

აქამდე მოქმედი პროტოკოლი ითვალისწინებდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომები. ამას გარდა, ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მაღალი რისკის ქვეყანაში. ტესტს უკეთებდნენ ასევე მათ, ვინც მიიღო სტუმარი რისკის ქვეყნებიდან ან კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. დანარჩენებს ტესტირება არ უტარდებოდათ.

სამი პაკეტი შეიქმნა ალგორითმში: პირველი დარჩა უცვლელი, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ, კვლავ დაექვემდებარებიან ტესტირებას; ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. მესამე პაკეტი – ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკ-ფაქტორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა“, – განმარტა ცერცვაძემ.