პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: „სრული უაზრობაა, რომ რუსებს საქართველოში ტერაქტების მოწყობა სურთ“

petre_mamradzeროგორც ცნობილია, გუშინ ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად ტერაქტების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქუთაისის მერიისა და იუსტიციის სახლის შენობებთან ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას გეგმავდნენ. მოგვიანებით მსგავსი შემთხვევა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზეც, დაფიქსირდა.

ანალოგიური შემთხვევების მსგავსად, რომლებსაც რამდენიმე თვის წინათ ჰქონდა ადგილი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ხელისუფლებამ კვლავ „თითის გაშვერის“ პოლიტიკას მიმართა და გარეძალებზე დაიწყო საუბარი.

საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული სპეცოპერაცია სხვა არაფერი იყო, თუ არა დადგმული სპექტაკლი. თუმცა პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს და პოზიციას მხოლოდ პირად საუბრებში აფიქსირებს.

რამდენიმე პარტიის წარმომადგენელთან უშედეგო ცდის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საქინფორმთან მხოლოდ „სამართლიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ გააკეთა, რომელიც იმედს იტოვებს, რომ „ხელისუფლება შეძლებს საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენას, რათა, მისივე თქმით, მომხდარის სინამდვილე საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა მაინც დაიჯერონ“.

„გამორიცხული არაფერია, არც ის, რომ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა სხვა საქმეა, რომ ხელისუფლებას იმდენად აქვს სახელი გატეხილი, არ ჩანს საზოგადოების ნდობა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ნდობა არც უცხოელ მეგობრებში არ არის ხოლმე და, ზოგადად, ნდობის სასტიკი დეფიციტი „იმიტირებული ქრონიკის“ ეთერში გაშვების შემდეგ გაჩნდა. გახსოვთ, წინა მსგავსი შემთხვევებიც, ალბთ, სრულიად გაუგებარია, რაში უნდა სჭირდებოდეთ რუსებს მსგავსი რამის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ხომ სრული უაზრობაა. გარდა ამისა, ისიც კარგად იცის ყველამ, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, დაშინებისა თუ სხვა გზებით აიძულოს ნებისმიერი მოქალაქე, გამოვიდეს და მისი სასურველი ჩვენება მისცეს. სწორედ ეს აზრი დომინირებს დღეს საზოგადოებაში და ლოგიკით, ქუთაისში მომხდარი ამბავი რეალური არ ჩანს“, – განაცხადა მამრაძემ.