რედაქტორისგან
ღმერთო, უშველე ამერიკას! - არნო ხიდირბეგიშვილი

     ამბობენ, რომ ყველა ხუმრობაში ხუმრობის მხოლოდ წილია, დანარჩენი კი მართალია...

1 აპრილის მიუხედავად, ტრაგედია „COVID-19“ სახუმაროდ ნამდვილად არ განგვაწყობს, ამიტომ ის, რის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, სიმართლეა.

   იქნებ მეტისმეტად წინ ვუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, თავის საკვირაო ქადაგებაში ბოდბის ახალ ტაძარში, შემთხვევით როდი უთქვამს, რომ სასოწარკვეთა აუცილებლად სიხარულით შეიცვლება. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ, დღემდე საქართველოს მთავრობამ და ექიმებმა, პოლიციასა და არმიასთან ერთად, ყველაფერი იმდენად სწორად გააკეთეს, რომ გააკვირვეს მთელი მსოფლიო და გააქარწყლეს მითი, რომ საქართველო წარმატებული მხოლოდ სააკაშვილის დროს იყო!

   კორონავირუსის შემდეგ საქართველო, სადაც ძალიან ცოტა ინფიცირებული იყო (თვალი არ ეცეს!), მსოფლიოს ერთ-ერთ ტურისტულ დედაქალაქად იქცევა. აქ სიხარულით ჩამოვლენ ტურისტები არა მარტო რუსეთიდან, არამედ იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს შესახებ მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლაში მისი წარმატებების გამო შეიტყვეს.

კიდევ ბევრი კარგი რამ მოხდება. შვილებმა და მშობლებმა გაუგეს ერთმანეთს, რადგანაც კარანტინის დღეების განმავლობაში იმყოფებოდნენ სახლში და უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. განმტკიცდა ღვთის რწმენა, რადგან ხალხი კიდევ ერთელ დარწმუნდა - სუპერსახელმწიფოთა მაღალი ტექნოლოგიები, სიმდიდრე და ფანტასტიკური შეიარაღება უძლურია სიურპრიზების წინაშე, რომლითაც ბუნება იძიებს შურს უფლის მიერ დაწესებულ მსოფლიო წესრიგში უხეში ჩარევისთვის...

   „იქნებ ჩვენ არც ვართ ამ ხელისუფლების დიდი მხარდამჭერები, მაგრამ ხმას მივცემთ, რადგან მან გადაგვარჩინა!“- აი რას ამბობენ დღეს მოქალაქეები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ეხმარება.

   აბსოლუტურად ნათელია, რომ კორონავირუსიდან საქართველო განახლებული გამოვა - გამორიცხულია, რომ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები, ქართველები და რუსები, ჩახედავენ რა სიკვდილს თვალებში, არ შეურიგდნენ ერთმანეთს! რაც, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებებთან ერთად, ძალიან აწუხებს მავანს ოკეანის გაღმა... მაგალითად, გუშინ, მიუხედავად აშშ-ში დატრიალებული ტრაგედიისა, საქართველოში ამერიკის საელჩოდან ჩვენ შეგვახსენეს, რომ „მაღალკვალიფიცური სამედიცინო პერსონალთან ერთად, საქართველოს აქვს აშშ-ის თავდაცვისთვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ გადამზადებული და მთლიანად ეკიპირებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები. „იგივე ჯგუფები ახლა მონაწილეობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეაგირებაში მარნეულში. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და ХБРЯ-ს ჯგუფებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობით. მათ სამსახურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი საჭიროებები უფრო მეტად თვალსაჩინოა დღეს“, - განაცხადეს აშშ-ის საელჩოში თბილისში.

მართლაცდა, ამერიკელები იხოცებიან, მაგრამ არ ნებდებიან, უფრო სწორად - არ იცვლებიან! განცხადებას ჰოლივუდურ პასაჟებს თუ ჩამოვაშორებთ - „ჩვენ ვამაყობთ“ და ა.შ., დარჩება სახდეპის სტილში მკაცრი გაფრთხილება, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს:

   „ალო, ქართველებო, მანდ შემთხვევით თავბრუ ხომ არ დაგეხვათ წარმატებებისგან?! თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ყველაფერს, რასაც დღეს ფლობთ და რასაც დღეს წარმოადგენთ, ჩვენი წყალობით გაქვთ?! და რა ქველმოქმედებად ეწევით მანდ ჩვენს დაუკითხავად?! კეთილშობილ რევერანსებს უკეთებთ რუსეთს („მწვანე სატრანსპორტო კორიდორი“ სომხეთში) და აფხაზებს (ზუგდიდში გალელი ავადმყოფის მკურნალობა)?! თქვენ თუ რუსებსა და აფხაზებს შეურიგდებით, როგორ აპირებთ ნატოში შემოსვლას? თუ უკვე აღარ აპირებთ?! მაშინ ვალები დაგვიბრუნეთ! მოკლედ, აი თქვენ კიდე მილიონ ასი ათასი დოლარი ჯიბის კორონავირუსისთვის და დააყენეთ მანდ!

ღმერთო, უშველე ამერიკას!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 1 აპრილი
საქართველო, თბილისი