აქტუალური
მოსწავლეთა სამგზავრო უფასო ბარათები – რის ფასად

baraTi---patariZeროგორც ცნობილია, სკოლის მოსწავლეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე  ქ. თბილისის მერია უზრუნველყოფს მოსწავლის სახელობითი ბარათების დამზადებას და რაიონული რესურსცენტრების მეშვეობით სკოლებში დარიგებას.

მაგრამ პრობლემები მაშინვე იქმნება, როგორც კი მოზარდს, განსაკუთრებით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეს, ბარათი დაუზიანდება. მისთვის უკვე ფინანსურადაც და მორალურადაც მტკივნეული ხდება საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება, განსაკუთრებით, მეტროთი.

როგორც საქინფორმს მოქალაქე მ. გობეჯიშვილმა აცნობა, მესამე თვეა, მან ვერ მოახერხა მისი შვილის – მოსწავლის უფასო სამგზავრო ბარათის გამოცვლა. დაზიანების შესახებ მას ცნობაც აქვს აღებული შპს „მეტრო სერვის +“-დან და ბარათი მყისიერად უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ ფიზიკურად ბარათები მერიას არ აქვს და მოქალაქეებს შარტავას ქუჩაზე მდებარე 62-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ სერვისცენტრში ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ – თვის ბოლოს იქნებაო.

დღესაც, 1 აპრილს, დილიდანვე იქ მისულ მრავალრიცხოვან მოქალაქეთა ჯგუფს (მათ შორის, სხვა კატეგორიებსაც, რომელთაც შეღავათიანი სამგზავრო ბარათები ეკუთვნით) ოპერატორმა დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა ბარათების დარიგები ს თაობაზე: „ბარათები გზაშია და როდის ჩამოვა, არ ვიცით“.

თვეების განმავლობაში მომლოდინე მოქალაქეები დღესაც მოტყუვდნენ, ოღონდ ეს მერიის სატრანსპორტო სამსახურს მაინცდამაინც ვერ გამოუვიდა უმტკივნეულო იუმორად.

როგორც საქინფორმს მერიის პრესსამსახურიდან ნანუკა ზაქარეიშვილმა აცნობა, მოსწავლის ბარათების დაგვიანებით შემოტანა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ბრალია და ორშაბათიდან – 4 აპრილიდან დაიწყება მათი გაცემა.

ვნახოთ, დღეს საპირველაპრილო ტყუილი თუ არ გამოუვიდა მერიას.