აკაკი ასათიანი: საქართველო აღარ არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა
“თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” - 31 მარტს 20 წელი შესრულდება იმ დღიდან, რაც სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ერთმნიშვნელოვნად დადებითი პასუხი გასცა ამ სანუკვარ კითხვას და საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყანა, ხელახლა გაჩნდა მსოფლიოს ფიზიკურ თუ პოლიტიკურ რუკაზე... რა სიძნელეები განვლო ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა სახელმწიფომ, რა შეცდომები დაუშვა წინა ორმა ხელისუფლებამ და ზოგადად, რა შედეგები მოიტანა საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიო” ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი ასათიანს შეხვდა და ბოლო 20 წლის მოვლენების ანალიზი სთხოვა.
- ბატონო აკაკი, 20 წელი, ალბათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ ისტორიამ ფაქტებსა და მოვლენებს სათანადო სახელები დაარქვას... თქვენი აზრით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ვიყავით რეალურად დამოუკიდებლები და სუვერენულები?- საინტერესო და კარგი კითხვაა, ვინაიდან, “პერესტროიკის” შემდეგ ჩვენთან ერთი პარადოქსი მოხდა, ისტორიული, - აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და გაცილებით თავისუფლად იღებდა გადაწყვეტილებებს, ვიდრე - გაეროს წევრი და საერთაშორისოდ აღიარებული. ამას მოწმობს თუნდაც იგივე 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საბჭოეთის პირობებში და რომელიც იყო აბსოლუტურად ობიექტური... მივიდეს ახლა და ვინმემ ჩაატაროს ასეთი ობიექტური რეფერენდუმი!.. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ 20-წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩვენ რეალურად დამოუკიდებლები კი არ ვიყავით, არამედ ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, წარმოადგენდა დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების მანიპულირების ობიექტს და ვაჭრობის საგანს რუსეთთან. ყველაზე სამწუხარო და გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ჩვენ ამ ვაჭრობის პროცესში არაფერს გვეკითხებოდნენ და არც ახლა გვეკითხებიან...- იქნებ კიდევ ერთხელ დაგვიკონკრეტოთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო საქართველო, ვიდრე შემდეგ წლებში ან თუნდაც დღეს?- მიმაჩნია, რომ დღეს ამ ქვეყანაში ლაპარაკიც ზედმეტია დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ვინაიდან, ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის წყალობით, უკვე, ფაქტობრივად, საქართველო აღარ არის დამოუკიდებლი და სუვერენული ქვეყანა. ეს ხელისუფლება დამოუკიდებელია ერთადერთ რამეში, - როგორმე იმაზე მეტად აამოს და ასიამოვნოს ამერიკას, ვიდრე ამას “თეთრი სახლის” მესვეურები ითხოვენ მათგან. ეს არის მონობის ყველაზე ცუდი და სამარცხვინო ფორმა, იმიტომ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი ანგარებითი მიზნების მისაღწევად იყენებს ძალაუფლებას და ყველაფერს აკეთებს, რათა ამერიკას თავისი ერთ-ერთი შტატის საგრაფოს საპოლიციო უბნად გადაუქციოს ეს ქვეყანა. ამაზეა აგებული მთელი ამათი პოლიტიკა და ამისთვის იბრძვიან ეს ადამიანები...- თქვენ თქვით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ამერიკის მხრიდან მანიპულირების ობიექტი გახდა. ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება რას აკეთებდა იმისთვის, რომ ეს პროცესი ნაწილობრივ მაინც შენელებულიყო?- პირადად ზვიად გამსახურდიას ძალიან კარგად ესმოდა, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს მიმართ დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკას, გარკვეული ინტერესები გაუჩნდებოდა. ამიტომ, იმისთვის, რომ აქ ძალთა დაბალანსება მომხდარიყო, მან კონსტიტუციაში თავის ხელით შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა ყოფილიყო. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ, დასავლეთთან პარტნიორობის პარალელურად, მინიმუმ მეგობრული ურთიერთობა მაინც უნდა გვქონოდა რუსეთთან, რაც ნამდვილად წაადგებოდა ჩვენს ქვეყანას იმ უმძიმეს პერიოდში. გარდა ამისა, ამ ყველაფერს თავისი ისტორიული და მორალური გამართლებაც ჰქონდა, ვინაიდან, ვიღაცას უნდა თუ არა, ორასი წელი ერთად რომ ვიყავით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ შორის არსებობდა და დღესაც არსებობს გარკვეული მენტალური და სულიერი კავშირი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია; მაგრამ მერე, სამწუხაროდ, იმ არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ და შეცდომებმა, რომელიც საქართველომ დაუშვა, უკანა პლანზე გადაწია ეს ყველაფერი და მიგვიყვანა მწვავე დაპირისპირებამდე რუსეთთან. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ბოლომდე არ თუ ვერ გამოვიყენეთ ყველა რესურსი კრემლთან ნორმალური ურთიერთობისა და პარტნიორობის შესანარჩუნებლად...- საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს შეხედულება, რომ ზვიადი არ იყო პოლიტიკოსი, რომ მას არ ესმოდა პოლიტიკა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის წინაშე გაჩენილი გამოწვევებისთვის მაშინდელი ხელისუფლება, ცოტა არ იყოს, მოუმზადებელი აღმოჩნდა?- დიდი ამოცანებისა და მიზნებისთვის ბრძოლა ადამიანს ხშირად გონებას უბინდავს, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება იმხელა ემოციებისა და აჟიტირების ფონზე მოხდა, რომ არამარტო ეროვნული მოძრაობის სათავეში მყოფი ადამიანები, არამედ საზოგადოებაც ვერ აცნობიერებდა, რომ ქვეყნისთვის მთავარი სირთულეები დაიწყებოდა სწორედ დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს იყო ის ინფანტილური დამოკიდებულება რეალობისადმი, რომელიც გააჩნდა ყველას, საზოგადოების უდიდეს ნაწილს და მათ შორის, არ დავმალავ, - მეც.რაც შეეხება გამსახურდიას, ის მოსაზრება, რომ ზვიადი არ იყო პოლიტიკოსი და მას არ უნდა ემართა ქვეყანა, მიმაჩნია, რომ სისულელეა, ვინაიდან იგი სწორედ რომ პოლიტიკოსი იყო. ამის მაგალითად მოვიყვან ერთ ფაქტს: როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, გახსოვთ, ალბათ, გამოვიდა ჯორჯ ბუში (უფროსი) და თქვა, გამსახურდიას არ ესმის პროცესი და დინების საწინააღმდეგოდ მიდისო. ბევრმა მაშინ ეს განცხადება აღიქვა, როგორც ყველაზე რაციონალური შეფასება იმ მოვლენებისა, რაც იმ დროს ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად საბჭოთა კავშირის სივრცეში. მაგრამ გავიდა დრო და ვინ გამოდგა მართალი - ბუში თუ გამსახურდია? საბჭოთა კავშირი დაიშალა... ამით იმის თქმა მინდა, რომ ზვიადი ძალიან კარგად ხვდებოდა და აცნობიერებდა, რა პროცესებიც მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში. ამიტომ, ვიმეორებ, თქმა იმისა, რომ ის არ იყო პოლიტიკოსი, მიმაჩნია, რომ სისულელეა; სხვა საკითხია, რამდენად კარგი მმართველი იყო...- საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?- საბჭოთა კავშირის დაშლა მტკივნეული პროცესი იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ, უწინარესად, რუსეთისთვის. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ საკითხს ასეთნაირად უნდა შევხედოთ - შეიძლებოდა თუ არა იმ სიძნელეებისა და დაბრკოლებების თავიდან აცილება, რამაც ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული გახადა ეს პროცესი? არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ შეიძლებოდა, ისევე, როგორც ეს ბალტიისპირეთმა შეძლო; მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაც სხვანაირი იყო, ანუ იმდენად ეგზალტირებული ვიყავით მთელი ამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, რომ ის, რასაც მაშინ ხალხი აკეთებდა და ხელისუფლებისგანაც ითხოვდა, ნამდვილად შორს იყო რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისგან... მას შემდეგ აგერ უკვე ოცი წელი გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი შეიცვალა, რადგან დღესაც, თუ კი რამე აკლია ჩვენს საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც, უპირველესად, ეს არის რაციონალიზმი და ადეკვატური მიდგომა იმ პრობლემებისადმი, გამოწვევებისადმი, რომელთა წინაშეც ბოლო ოცი წლის განმავლობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა...- გასაგებია, მაგრამ იქნებ დააკონკრეტოთ, რაში გამოიხატება ხელისუფლების არარაციონალური დამოკიდებულება არსებული პრობლემებისადმი?- აბსოლუტურად ყველაფერში, განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკაში, რასაც ესენი რუსეთის მიმართ ატარებენ... ვერ ნახავთ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ რუსეთთან კონფრონტაცია საქართველოს რაიმე სარგებელს მოუტანს...- ანუ გინდათ თქვათ, რომ კრემლთან საერთო ენის გამონახვის გარეშე საქართველო პრობლემებს ვერ მოაგვარებს?- ეს თავისთავად ცხადია და ამაზე არც უნდა ვიკამათოთ, მაგრამ დავანებოთ ამას თავი და მოდი, ასე შევხედოთ საკითხს: ვინმეს წარმოუდგენია, გასაღების სხვა ისეთი ბაზარი არსებობდეს ჩვენი პროდუქციისთვის, როგორიც რუსეთია, ან ამის მეასედი მაინც? ან, თუნდაც, ვინმე იცნობს ერთ ქართველს, რომელმაც ასი ათასი დოლარი იშოვა დასავლეთში? ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არავინ ვიცი, რუსეთში კი ათასი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი ქართველია, რომელსაც უკვე მილიონიდან მილიარდამდე აქვს ნაშოვნი.ამასწინათ მოსკოვში ვიყავი და ვნახე, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქართული რესტორნებია, ამ რესტორნებში კი ისევ ქართველები არიან დასაქმებული. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ქართველების ნოსტალგია და სანამ ეს ყველაფერი საბოლოოდ გამქრალა, სანამ ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ გადაზრდილა რაღაც მარადიულ მტრობაში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა ამ ხალხთან. სხვა გზა დღეს ჩვენ მაინც არ გვაქვს და ადრე თუ გვიან მოგვიწევს იმის აღიარება, რომ რუსეთთან კეთილმეზობლობის გარეშე საქართველო ვერ იქნება წარმატებული ქვეყანა, ვერც ეკონომიკურად და პოლიტიკურად მით უმეტეს; ტერიტორიების დაბრუნებაზე არაფერს ვამბობ.- რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების შემთხვევაში, თქვენი აზრით, შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას?- სიმართლე გითხრათ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გამოვნახავთ თუ არა საერთო ენას რუსეთთან, ტერიტორიებიც მაშინვე დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება, ვინაიდან ჩვენი მთავარი პრობლემა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ არის რუსეთი, არამედ პრობლემა აფხაზი და ოსი ხალხია; ამიტომ თუ გვინდა, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, ჯერ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ როგორმე დაველაპარაკოთ ამ ხალხს. რუსეთი კი ამ მოლაპარაკებებში უნდა იყოს მშვიდობის გარანტორი, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია...- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამის მიღწევა?- ამ ხელისუფლების პირობებში ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ შევძლებდით კიდეც, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არა თუ ჭკუა ვერ ვისწავლეთ ადრე დაშვებულ შეცდომებზე და არაფერს ვაკეთებთ ამ შეცდომების გამოსასწორებლად, არამედ ჯიუტად და განუხრელად ვაგრძელებთ იმ გზას, რომელმაც უკვე მიგვიყვანა უმძიმეს შედეგამდე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი არსებული პოლიტიკური და ეკონომიკურნი კრიზისის დასაძლევად არ გააჩნია. ამიტომ როცა ლაპარაკია ახალ პოლიტიკურ რელსებზე გადასვლასა და ურთიერთობის მოგვარებაზე რუსეთთან, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვა ხელისუფლების პირობებში...- და ვინ შეიძლება მოვიაზროთ სხვა ხელისუფლებაში ან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ხელისუფლება?- მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, უპირველესად, მინდა, რომ გონიერი ხელისუფლება მოვიდეს. ეს გონიერება კი უნდა გამოიხატებოდეს რაციონალიზმში მთელ რიგ საკითხებთან, იგივე დასავლეთთან და, უპირველესად, კრემლთან მიმართებაში. მით უფრო, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, თუნდაც მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების - რუსეთის მმართველ წრეებთან დაახლოებული ქართველების სახით, იმისათვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები და გამოვნახოთ საერთო ენა ამ ხალხთან... ესენი არიან ხელოვანები, ბიზნესმენები და ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ დონეზე აქვთ შეხება რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებთან...- კი მაგრამ ეს ხალხი ჩვენთან კრემლის აგენტებად არიან გამოცხადებულები.- სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება და ამაშია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების არარაციონალურობაც... სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, იმის შიშით, რომ კრემლის აგენტად არ შერაცხონ, ვერ ბედავს საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას, ანუ იმის თქმას, რომ ჩვენ რუსეთის იქით სხვა გზა არ გვაქვს. სხვათა შორის, ერთადერთი კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ანუ მაშინ, როცა საქართველოში ანტირუსული კამპანია მძვინვარებდა, გაბედა და რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნების გზებზე დაიწყო ლაპარაკი, იყო ალექსანდრე ჭაჭია, კაცი, რომელიც სერიოზულად მუშაობდა ამ მიმართულებით და რომელმაც თავისი საქმით არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ნამდვილი პატრიოტი. სამწუხაროდ, მაშინ იგი, თავისი ამ პოზიციის გამო, ლამის მტრად შერაცხეს. მაგრამ დღეს უკვე ბევრი იმათგანი, ვინც თავის დროზე ალექსანდრეს მტერს ეძახდა, თვითონ საუბრობს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ თურმე ჩვენ საბედისწერო შეცდომა დაგვიშვია, როცა მოსკოვს ულტიმატუმების ენით დავუწყეთ ლაპარაკი...- რაც შეეხება ისევ 31 მარტის რეფერენდუმს, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში თქვენ გაქვთ ნათქვამი, რომ 1992 წლის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელსაც ამ თარიღის აღნიშვნის უფლება აქვს. რის საფუძველზე აცხადებთ ამას?- არ მახსოვს, მე ეს როდის და რომელ გამოსვლაში ვთქვი, მაგრამ იქვე აუცილებლად დავამატებდი ერთ რამეს, - არანაირი კავშირი საქართველოს დამოუკიდებლობასთან შემდგომი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს და მით უმეტეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს. მეტიც, სააკაშვილს, მე მგონი, ხმაც კი არ აქვს მიცემული პირველ არჩევნებში... ისტორიის ტრაგედიაა, დღეს რომ ესენი ბაქიბუქობენ და ტრაბახობენ, აი, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო, დღეს, როგორც არასდროს ისე მივიწევთ წინ და ვიპყრობთ მთელი მსოფლიოს ყურადღებასო. რომელ წინსვლასა და წარმატებაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანა ლამის თავზე დაგვექცეს და ჩამოგვენგრეს?! რა თქმა უნდა, ამათ არანაირი უფლება არ აქვთ, აღნიშნონ არც 31 მარტი და, მე თუ მკითხავთ, არც 26 მაისი, ვინაიდან, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ესენი კი ამ დამოუკიდებლობას სადაცაა სამუდამოდ დაგვაკარგვინებენ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საერთოდ გააქრობენ დედამიწის ზურგიდან. ნებით თუ უნებლიეთ, ამათ პოლიტიკას სწორედ აქეთ მიჰყავს ქვეყანა და დღეს, სამწუხაროდ, ამის დანახვა ძალზედ ადვილია...
ესაუბრა ჯაბა ჟვანია