სამართალი
რუსეთის საელჩო ერევანში - საქართველომ სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეები არ გაატარა

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველომ უარი თქვა, გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სახმელეთო გზით სურდათ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ერევანში მოქმედი რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით.

იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა, გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე სომხეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სახმელეთო გზით სურდათ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ისარგებლონ ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობით და სომხეთი ავიამიმოსვლის საშუალებით დატოვონ“, - ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ადრე, 24 მარტს სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთის მოქალაქეების პირველი 24-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხოელთათვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

Sputnik-სომხეთი