„ლეიბორისტული პარტიის“ შეფასებით, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის დიქტატურის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, ბილდტის ვიზიტის მიზანია, შვეცია ყოველწლიურად დაეხმაროს საქართველოს 13 მლნ ევროთი, რაც გათვლილია სააკაშვილის დიქტატურის გასამყარებლად და არა მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.„ის არის სააკაშვილის ნათლიმამა ევროპაში, ისევე, როგორც მაკეინია ამერიკაში. ამ პიროვნებას შვედური ოპოზიცია სამხრეთ სუდანში 10 000 კაცის დაღუპვასა და 200 000 ადამიანის დეპორტაციაში ადანაშაულებს, რის გამოც მის გადადგომასაც ითხოვენ. მან წააქეზა და მოიწონა სააკაშვილის უზნეო და დიქტატორული ქმედებები, იგი მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციას“, არჩევნების გაყალბებას, მანვე დემოკრატიულ საქციელად ჩათვალა 7 ნოებრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მოწამვლა-დაპატიმრება ა.შ. მისი მეუღლე კი არის ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სწორედ მიხეილ სააკაშვილს ლობირებს“, – განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კარლ ბილდტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი გუშინ დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს. ის, ასევე, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს.