პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ აღკვეთა „გარე ძალების“ მიერ კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და დაფინანსებული ტერორისტული შეტევა მშვიდობიან ობიექტებზე“ ქუთაისში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, სააკაშვილმა განუცხადა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ „ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები“ იმ ფონზე, როცა „გარე ძალები“ საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის შერყევას ცდილობენ.პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ქუთაისში ტერორისტული აქტები აღკვეთა, რომელთა განხორციელებაც იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლსა და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან იგეგმებოდა.
„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არც პირველია და არც ბოლო იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა და ამ უკანასკნელი შემთხვევის ბოლო პერიოდში მომხდარ მსგავს საქმეებთან კავშირზე მიუთითა.
ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებული რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომელთაც ტერორისტული აქტების განხორციელებაში ან განხორციელების მცდელობაში ედებათ ბრალი, გალის რაიონიდან არიან. პოლიციის თქმით, ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა დაიქირავეს.
„პრინციპში, გასაგებია, რა სქემით ხდება მოქმედება. წინა წლებში ეს სქემა ხორციელდებოდა ცხინვალის რეგიონიდან, ახლა სქემა გადააწყეს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„კონტრტერორისტული ღონისძიებების თვალსაზრისით, ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე წინა წლებში ვიყავით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაძლიერებელია ეს მუშაობა, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული“, – დასძინა მან.