საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსთან საბრძოლველად მთავრობის მიერ შემქნილ StopCov ფონდში ამ დროისთვის 6 მლნ ლარია მობილიზებული. როგორც “საქმიანი დილის” ეთერში ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, აკუმულირებული თანხები პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.
„პირველ რიგში, ეს ფონდი იყო შედეგი იმისა, რომ ჩვენ არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა და რამდენიმე ათეულმა ბინზესმენმა გვთხოვა კონტრიბუცია განეხორციელებინათ კორონავირუსთან ბრძოლაში. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მხარდაჭერის თავმოყრა გაგვეკეთებინა ერთ ფონდში და ცენტრალიზებიულად მომხდარიყო ქვეყნის მასშტაბით არსებული საჭიროებების მხარდაჭერა.
გუშინ საღამოს მონაცემებით, ფონდში აკუმულირებული იყო უკვე 6 მლნ ლარი. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესი ძალიან პასუხისმგებლიანები არიან და მაქსიმალურად ჩართულები ვირუსთან ბრძოლის პროცესში”, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
კითხვაზე, თუ როგორ მოხდება თანხების ხარჯვა, დაუშვილი პასუხობს:
„თანხების ხარჯვა მოხდება კანონის შესაბამისად. საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურას, ანუ იმ გარემოებების მიხედვით, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, ნომერ პირველი პრიორიტეტი, რითიც უნდა მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენება, ეს არის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილება. ბევრი ადამიანი მოგვმართვდა და ისინი გვთავაზობდნენ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, რეალურად, რომ არ მომხდარიყო შემოთავაზებების და კონტრიბუციის არასწორი მიმართვა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმენა ცენტრალიზებული ფონდი.
ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს სახელმწიფოსთან. დღეს ამ ფონდიდან თანხები არ არის განკარგული და როდესაც გამოიკვეთება კონკრეტულ სამინისტროს ან მოქალაქეს სჭირდება მხარდაჭერა, სოციალური თუ სამედიცინო კუთხით, ცხადია, ამ ფონდიდან მოხდება თანხების მიმართვა. ეს ხდება მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში“, - განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ბიზნესომბუდსმენმა.