საზოგადოება
სპეცრეისებით საქართველოში 300 მოქალაქე დაბრუნდა - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით სპეცრეისები განხორციელდა და ქვეყანაში საქართველოს 300 მოქალაქე დაბრუნდა.

მისივე თქმით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდება.

როგორც ცნობილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. უკვე განხორციელდა ორი ფრენა, 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა ეგეოსის ავიახაზებმა და ამ ორი რეისით, საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან მედიასთან რეისების შემდეგ განრიგზეც ისაუბრა.

26 მარტს შესრულდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით, 31 მარტს, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით, 10 აპრილს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვისა და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა უახლოეს ორ ფრენაზე ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც 26 მარტს და 31 მარტს უნდა შესრულდეს.

როგორც უკვე ცნობილია, კომპანია „აირზენას“თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. შედეგად, ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარება გვაქვს ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით. ამ ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. მეტი გამჭირვალობისა და სანდოობისთვის, ჩვენი მოთხოვნით კომპანია მზად არის, გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება შემდგომ ფრენებს, ვარშავა, ათენისა და ლარნაკას მიმართულებით, მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა თანმიმდევრობით, თავისუფალი პრინციპით მოხდება.

რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებგვერდზე. აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლითა და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით. ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებგვერდზე. საქართველოს პერმიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი ნებისმიერი კლასის, ხაზს ვუსვამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბიზნეს, თუ ეკონომ კლასი, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული, რა თქმა უნდა, გაკონტროლდება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.