სამართალი
სასამართლოში გაღიმება ადვოკატს 100 ლარი დაუჯდა

manana_kobaxidzeქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ნუგზარ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე მარინა სირაძე იხილავს. ბოჭორიშვილის ადვოკატები კი მანანა კობახიძე და ლალი აფციაური არიან.

როგორც ადვოკატი მანანა კობახიძე აღნიშნავს, ბოლო პროცესზე ის და ლალი აფციაური 300-300 ლარით დააჯარიმეს.

„საქმის განხილვისას ჩვენ კითხვებს ვუსვამდით  შსს-ს ექსპერტს, რომელიც 21 წლისაა. კითხვაზე, რომელიც  მის საექსპერტო გამოცდილებას ეხებოდა, მიპასუხა, რომ ბაკალავრის ხარისხი და ერთი წლის სტაჟი აქვს. ამაზე გამეღიმა და ეჭვქვეშ დავაყენე მისი როგორც ექსპერტის კომპეტენცია. მოსამართლემ ეს სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია და დამაჯარიმა 100 ლარით. ამის შემდეგ იმავე სხდომაზე არაერთხელ მოვითხოვეთ დარღვევების კონკრეტულ ოქმში დაფიქსირება და თავმჯდომარის სახელზეც გამოვთქვით აბსოლუტურად კანონიერი პროტესტი. მე და ადვოკატი ლალი აფციაური ამის გამო კიდევ დავჯარიმდით,  მთლიანობაში თითოეულს 300-ლარიანი ჯარიმა გამოგვივიდა. მათ შორის, ერთ-ერთი ჯარიმა, უშუალოდ ღიმილისთვის იყო. მოსამართლემ ზუსტად ასევე მიუთითა მდივანს, ოქმში ჩაეწერა: „ღიმილი, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობის გამომხატველია“. 10 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი რამ არ გამიგია“, – აცხადებს კობახიძე.