გაჩეჩილაძე: „ხალხი გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მზადაა!“
ზუგდიდში, შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში, „ქართული პარტიის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე სამეგრელოს რაიონებიდან ჩამოსული პარტიის მხარდამჭერები ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ და 1991წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე აღნიშნეს. შეკრებილებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა მიქაიამ მიმართეს. კონფერენციის შემდეგ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ზუგდიდის ცენტრალური ხეივნისკენ საპროტესტო მსვლელობაც მოაწყო.
„ქართული პარტიის“ ლიდერებმა სამეგრელოს მოსახლეობას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.
„31 მარტი, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, პირველი რეფერენდუმის დღე და ზუგდიდში „ქართული პარტიის“ დაფუძნების დღე, დარწმუნებული ვარ იქნება პოლიტიკური გაზაფხულის დასაწყისი, რომელიც დღევანდელი მოძალადე ხელისუფლების დასასრული გახდება“, – დასძინა კახა მიქაიამ.
ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით კი, „ხალხი გაღიზიანებულია ხელისუფლების ტერორით და მზად არის, სააკაშვილის რეჟიმის გასასტუმრებლად გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა“.