საზოგადოება
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა - გიორგი გახარია

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინე შეზღუდვებს აწესებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისათვის, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254. მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუწოდებდით გავრცელების ახალ, შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებულნი, სინამდვილეში, დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.

ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის, ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები, ან თამამები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს.

დაახლოებით ერთი კვირაა ვამბობთ და ვცდილობთ, გავაფრთხილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომ როდესაც ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს იმ შეზღუდულ რესურსზე, უბრალოდ სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების წყარო, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები, ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენს გვერდზე მდგომი ჩვენი ოჯახის წევრის, მეზობლის, ჩვენი თანამოქალაქის, კოლეგის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ჯანმრთელობასა და მომავალზე“, – აღნიშნა პრემიერმა.